ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში - თბილისი 2015

11-18 აპრილს, თბილისი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

26 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის - თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრესკონფერენცია გაიმართა.

ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი გააცნო. ჟურნალისტებს სამოქმედო გეგმა წარუდგინა ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ბოქოლიშვილმა. 

"საერთაშორისო ფედერაციამ ჩვენს ფედერაციას აღუთქვა სრული ნდობა, რომ ჩაატაროს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელიც 9-18 აპრილს თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება. ჩვენი ქალაქი 45 ქვეყანას, 400-მდე სპორტსმენს და ამაზე მეტ გულშემატკივარს უმასპინძლებს", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიება ძალოსნობაში, საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდება. ტურნირი 11-დან 18 აპრილამდე გასტანს. მასში მონაწილეობას 45 ქვეყნის 350 სპორტსმენი მიიღებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში გადასცემს ევროპის უდიდესი სპორტული ტელეარხი ევროსპორტი, რომელიც მსოფლიოს 54 სხვადასხვა ქვეყანაში მაუწყებლობს.

"საორგანიზაციო კომიტეტი ჩავერთეთ გვიან, დეკემბრის თვეში, მაგრამ ფაქტობრივად ყველა მიმართულებით საკითხები მოგვარებულია - ტელევიზია, ინტვენტარიზაცია, დარჩა ბიუჯეტი. გუშინ შევიტყვეთ, რომ წელს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისა და გაისად გასამართი ჩემპიონატის შედეგები ჯამდება, რაც კიდევ ერთი ლიცენზიის მოპოვების შანსს გვაძლევს. ამის გარდა, 3-4 ლიცენზიის მოპოვებას ვგეგმავთ", - განაცხადა კახი კახიაშვილმა.

კომენტარები