შტაინმაიერის ვიზიტი

შტაინმაიერი ღარიბაშვილს: საქართველოში ვიზიტი ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო

მთავრობის ადმინისტრაცია

გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შტაინმაიერი წერს, რომ მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები საქართველოსთან ევროკავშირის ფარგლებშიც კიდევ უფრო განვითარდეს და იმედოვნებს, რომ მომავალი წლები ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი იმპულსების მომცემი იქნება. პრესსამსახური წერილის ნაწყვეტს საკუთარი თარგმანით ავრცელებს.

„ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მინდა, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ინტენსიური საუბრისათვის თბილისში ჩემი ყოფნის დროს. ეს ვიზიტი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის უნაკლო მეგობრული ურთიერთობების გამოხატულება და პირადად ჩემთვის ძალიან სასარგებლო. გარდა ამისა, თქვენი შეფასება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციისა, განსაკუთრებით რუსეთის ეკონომიკასა და უკრაინაში მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ძალიან დამეხმარა შემდგომი კვირების განმავლობაში მდგომარეობის შეფასებაში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ გამომეხატა სოლიდარობა თქვენი ქვეყნის მიმართ. მადლობელი ვარ, რომ სოლიდარობის ეს გამოხატულება ასეთი კმაყოფილებით იქნა მიღებული. თქვენთან საუბრისას ჩემთვის კიდევ ერთხელ გახდა ნათელი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა. ამიტომ, დაბრუნებისთანავე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, კიდევ უფრო მეტი მონდომებით მიდგომოდნენ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წერილში.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს 2014 წლის 9 დეკემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გერმანელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

კომენტარები