შსს

ზეწოლა პატრულის თანამშრომლებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კანონდამრღვევი მოქალაქე ეკა ყურშიტაშვილი პატრულს გაჩერებისთვის შეურაცხყოფას აყენებს და შემდეგ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსისა (დათო ცინარიძეს) და მისი მოადგილის დახმარებით "იგვარებს პრობლემას".

"წარმოგიდგენთ ვიდეომასალას - 2 ეპიზოდია, სადაც ასახული არის მოქალაქე, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და ამ მოქალაქის ურთიერთობა საპატრულო პოლიციასთან. ორივე შემთხვევაში ნათლად ჩანს ამ მოქალაქის უდიერი და უხეში დამოკიდებულება პატრულის თანამშრომლების მიმართ. გარდა ამისა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ერთ ეპიზოდში ჩანს, ეს მოქალაქე უკავშირდება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს და აგვარებს პრობლემას. ძალიან ნათლად ჩანს ამ კადრებიდან, რომ სახეზე არის სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. კერძოდ, ამ შემთხვევაში საუბარი არის პოლიციაზე. დაბრუნება ხდება შევარდნაძისდროინდელ პრაქტიკაში, როდესაც მოქალაქეები, როდესაც აქვთ ჩადენილი დანაშაული, პრობლემებს აგვარებენ თავისი პირადი ნაცნობობით.

გვინდა, მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, გამოიძიონ ეს ფაქტები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ამის გამო გაათავისუფლეს, არადა საკუთარ მოვალეობას ასრულებდა მხოლოდ, უნდა აღდგნენ სამსახურში. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობა და ჩაიდინეს დანაშაული", - აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძე.

ტაბულა დაუკავშირდა საპატრულო პოლიციის პრესსამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ საპატრულო პოლიციის უფროსი დათო ცინარიძე ამ თემაზე კომენტარს დღეს გააკეთებს.

კომენტარები