საარსებო მინიმუმი

ენმ საარსებო მინიმუმისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის გადახედვას მოითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარსებო მინიმუმისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის გადახედვას მოითხოვს. გიგი წერეთლის თქმით, საარსებო მინიმუმის კორექტირება იმ ვითარებაში, როცა სურსათი და წამლები გაძვირდა, აუცილებელია.

"ბოლო პერიოდის მოვლენებმა, განსაკუთრებით ლარის კურსის მკვეთრმა ვარდნამ ძალიან გააუარესა ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა, განსაკუთრებით მათი, ვისაც ძალიან უჭირს. ფასები იმატებს პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, ასეთ ვითარებას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ქალაქებსა და სოფლებში. ადამიანებს კრედიტები დოლარში აქვთ აღებული, ამ დროს კი ვერ ვხედავთ მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ, საინვესტიციო, საბიუჯეტო ხარჯების თუ სხვა ქმედებებმა გამოიწვია ეს მდგომარეობა. არც რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ და არც ჩვენს მიერ შეთავაზებულ ინიციატივებს ითვალისწინებენ. ეს ეხება საარსებო მინიმუმსაც.

რეალურად იმ კვლევებით, რომელიც დღეს არის არასამთავრობო თუ სხვა ექსპერტულ წრეებში, საარსებო მინიმუმი გაცილებით აღემატება სახელმწიფოს მიერ დადგენილს, რომელიც 160 ლარია. იმ პირობებში, როცა მსყიდველობითუნარიანობა შემცირებულია, მაგალითად, პენსიას თუ შევადარებთ დოლარის კურსს, ის გახდა 75 დოლარი, მაშინ როცა 2012 წელს ის იყო 90 დოლარზე მეტი. შესაბამისად, ყველა სოციალური გასაცემელი დღეს თავისი მსყიდველობითი უნარიანობიდან გამომდინარე არის ნაკლები. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადაიანგარიშოს საარსებო მინიმუმი და მეთოდოლოგია, რომელიც არ შეცვლილა 12 წლის განმავლობაში. მასში უნდა მოხდეს კორექტირება", - ამბობს წერეთელი.

კომენტარები