მამუკა ბახტაძე

ქუცნაშვილი: კოალიციაში ბახტაძის პრემიერად დანიშვნაზე საუბარი არ ყოფილა

www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლება საქართველოს რკინიგზის ამჟამინდელი გენერალური დირექტორით, მამუკა ბახტაძით, უპასუხა, რომ ღარიბაშვილს თავისი რესურსი არ ამოუწურავს.

"მამუკას მე ვიცნობ, მაგრამ მე არ წარმოვადგენ იმ პირს, ვინც იღებს ამ ტიპის გადაწყვეტილებებს. რატომ უნდა შეიცვალოს ირაკლი? კოალიციაში ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

მე ვფიქრობ, რომ ირაკლის არ ამოუწურავს თავისი რესურსი, აქ უბრალოდ აუცილებელია მკვეთრი, ძლიერი რეფორმების გატარება, მხოლოდ მკვეთრი და ძლიერი რეფორმების გატარების კვალობაზე შეიძლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

მე მამუკასაც ვიცნობ და ირაკლისაც, მაგრამ ვფიქრობ, ირაკლის არ ამოუწურავს თავისი შესაძლებლობები", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

2013 წლის 9 სექტემბერს, ჯერ კიდევ პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ესტონეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამუკა ბახტაძე "კარგი ბიჭია" და მას პრემიერის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავდა.

"თქვენ კარგად მიკარნახეთ. [მამუკა ბახტაძე] კარგი ბიჭია, სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს", - უთხრა ჟურნალისტებს ივანიშვილმა.

კომენტარები