რუსული ავიაკომპანიები საქართველოში

ქუცნაშვილი: საქართველოს ცაზე ვინ გადაიფრენს, პარლამენტარის საქმე არ არის

ზაქარია ქუცნაშვილი
ტაბულა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ რუსული ავიაკომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მისი საქმე არ არის.

"პარლამეტის წევრის მოვალეობას არ წარმოადგენს კერძო გარიგებებში ჩარევა. ჩვენ ხომ ვცდილობთ ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო? პარტიულ დეპუტატს მოეთხოვება საკანონმდებლო საქმიანობის წარმოება, დეპუტატს მოეთხოვება ხალხის წარმომადგენლობითი მოვალეობის ღირსეულად შესრულება, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე პრინციპული პოზიციის ქონა. ეს არის დეპუტატის საქმიანობა და არა კერძო გარიგებებში ან კერძო მოლაპარაკებებში წარმოება.

არ არის პოლიტიკოსების საქმე კერძო გარიგებებში ჩარევა. მით უმეტეს, როცა მონოპოლიზმზე არ არის საუბარი და, ბუნებრივია, არც ხელოვნური მონოპოლიის შექმნაზე არ არის საუბარი. საქართველოს გზებზე და საქართველოს საჰაერო სირვცეში ვინ გადაიფრენს და ვინ გადმოიფრენს, ეს პარლამენტის წევრების საქმე ნამდვილად არ გახლავთ. მე ასე ვუდგები ამ საკითხს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის, იასე ზაუტაშვილის ინფორმაციით, დღეს იუსტიციის სახლში რუსეთის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ქართულმა მხარემ მოლაპარაკებები გამართეს. განსახილველი საკითხი, სავარაუდოდ, კვირის განმავლობაში რუსული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულების ფრენის სიხშირე და რუსული ავიაკომპანიების მიერ სხვა მიმართულებებით ფრენების საკითხი იყო. Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება "ძალისმიერ მეთოდს" იყენებს და საქართველოც "შანტაჟზე წამოგებულია".

რამდენიმე დღის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ ამ თემაზე განცხადებაც გააკეთა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები საუბრობდნენ, რომ მთავრობამ საჰაერო მიმოსვლის შესახებ რუსეთის ყველა მოთხოვნა უპირობოდ დააკმაყოფილა. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, რუსეთი 12 კომპანიის დაშვებას მოითხოვდა, რომელთა შორისაც სახელმწიფოსა და პირადად პუტინის კომპანიებია. მათ საქართველოში არარეალურად დაბალი ფასებით შემოსვლა სურთ. სიაში არსებული რამდენიმე კომპანია დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებშიც მოხვდა, აეროფლოტმა კი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია, როცა სოხუმის მიმართულებით რეისი შეასრულა. სამოქალაქო ავიაციის საგაენტოს ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებს ამ დროისთვის 4 კომპანია - სევენ ეარლაინსი (იგივე სიბირი), ტრანსაერო, ურალის ავიახაზები და აეროფლოტი - ახორციელებს.

კომენტარები