კრიზისი უკრაინაში

უკრაინის რადამ რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, უკრაინა მოუწოდებს პარტნიორ სახელმწიფოებს, დაუსჯელი არ დატოვონ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, ხოლო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რეპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარონ. რადამ ასევე პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ამა თუ იმ ორგანიზაციის ტერორისტულად გამოცხადების უფლებამოსილებას ანიჭებს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სპეცოპერაციის შედეგად ე. წ. ნოვოროსიის სამხედრო ავიაცია გაანადგურეს. ამისი შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ხელმძღვანელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა. მისი თქმით, განადგურებულია როგორც თვითმფრინავები, ასევე MI-24 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა რამდენიმე დღის წინ რუსულ ტელეარხებს საკუთარი ე. წ. სამხედრო ავიაცია უჩვენეს. რუსული საინფორმაციო საშუალებების ვერსიით, სეპარატისტებმა სარემონტო ტექნიკა ხელში ჩაიგდეს და აღადგინეს. ავიაციის გარდა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ათეული ერთეული საბრძოლო ტექნიკა და არტილერია გაანადგურეს.

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები საგარეო საქმეთა მინისტრებს საჯაროდ მოუწოდებენ, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომები განიხილონ. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 29 იანვარს შეიკრიბებიან. ევროპელი ლიდერები მათ მოუწოდებენ, "შეაფასონ სიტუაცია და განიხილონ ნებისმიერი შესაბამისი მოქმედება, კერძოდ, შემდგომი შემზღუდავი ზომები, რომლებიც მინსკის შეთანხმების სწრაფი და სრული იმპლემენტაციისკენ იქნება მიმართული".

უკრაინაში შექმნილი ვითარება გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეფრი ფელტმანმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ქალაქი მარიუპოლი დაბომბეს, აუცილებლად უნდა დაისაჯონ. გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა რუსეთი სეპარატისტების ქმედებების მხარდაჭერაში და მინსკის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა სურს და მარიუპოლზე და დებალცევოზე შეტევა მის ინტერესებში შედის. უკრაინის წარმომადგენელმა გაეროში კი აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების რაოდენობა ქვეყანაში 12 ათასამდე გაიზარდა.

"მარიუპოლი კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მან, ვინც ქალაქს რაკეტები ესროლა, სამოქალაქო მოსახლეობა სამიზნედ განგებ აირჩია, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა. ჩვენ უნდა გავგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ ყველა დამნაშავე უნდა გასამართლდეს და დაისაჯოს. მოვუწოდებთ ამბოხებულებს, ახლავე შეწყვიტონ პროვოკაციული და ძალადობრივი ქმედებები და ყველა ვალდებულება შეასრულონ. მოვუწოდებთ რუსეთს ფედერაციას, გამოიყენოს საკუთარი გავლენა, რათა ამბოხებულებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს", - თქვა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეფრი ფელტმანმა.

გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის თქმით, "ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მოწოდებებს მხარეების მიმართ, რათა პირდაპირ დიალოგი დაიწყონ. ამასთან დაკავშირებით გვსურს მივმართოთ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენა აქვთ, განსაკუთრებით ვაშინგტონს. უკრაინელი ქორების წახალისება მათ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ უბიძგებს. ამას კიდევ უფრო საშინელი კატასტროფა მოჰყვება".

პრორუსი სეპარატისტების მხრიდან ძალადობის ესკალაცია მკაცრად დაგმო NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინა-NATO-ს კომისიის სხდომის შემდეგ. იენს სტოლტენბერგის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ასეულობით ერთეული მძიმე შეიარაღება შეიყვანა. მან ასევე უარყო პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრანის მხარეს ე. წ. NATO-ს ლეგიონი იბრძვის.

"იმის მტკიცება, თითქოს უკრაინაში NATO-ს ძალები იმყოფება, ნონსენსია. იქ არ არის NATO-ს ლეგიონი და ერთადერთი უცხო ძალა რუსულია. რუსეთი სეპარატისტებს შეიარაღებით ეხმარება, ჩვენ ვხედავთ შეიარაღების ნაკადის ზრდას რუსეთიდან. ეს მძიმე ტექნიკა და სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობაა", - თქვა სტოლტენბერგმა.

რუსეთის პრეზიდენტმა გერმანის კანცლერთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში პასუხისმგებლობა უკრაინაში სიტუაციის გამწვავებაზე კიდევ ერთხელ უკრაინის ხელსუფლებას დააკისრა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა საკუთარ სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრა და სეპარატისტებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგს დაუჭირა მხარი.

რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთში მორიგი, უკვე მე-11 ე. წ. ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა. კოლონას ვერც უკრაინის ხელსუფლება და ვერც ეუთო ამოწმებს, კიევში ეჭვებს გამოთქვამენ, რომ რუსული კოლონების მეშვეობით სეპარატისტებისთვის შეიარაღების და საბრძოლო მასალების მიწოდება ხდება.

კომენტარები