პრემიერმინისტრის პოსტი

საგანელიძე: არ არსებობს საფუძველი, ირაკლი ღარიბაშვილი შეიცვალოს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე გავრცელებულ ცნობებს ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო შემცვლელ მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით, არარეალურს უწოდებს. მისი თქმით, არ არსებობს საფუძველი, ღარიბაშვილი შეიცვალოს.

"იმ თემებზე, რომლებიც შეიძლება, ვინმეს ძალიან უნდა, ვიღაცას ესიზმრება და შემდეგ ელანდება - ნუ ვისაუბრებთ. არანაირი ობიექტური საფუძველი, არანაირი რეალობა, არანაირი საფუძველი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა შეიცვალოს, არც ყოფილა და ვერც ვხედავ", - თქვა საგანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს რკინიგზის გენერალური დირექტორ მამუკა ბახტაძეს პრემიერობის კანდიდატად განიხილავდა.

"თქვენ კარგად მიკარნახეთ. [მამუკა ბახტაძე] კარგი ბიჭია, სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს", - უთხრა ჟურნალისტებს ივანიშვილმა.

კომენტარები