რუსული ავიაკომპანიები საქართველოში

იუსტიციის სახლში რუსეთის საავიაციო ხელისუფლება ქართულ მხარეს შეხვდა

რუსული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი რეისით შესრულებული ფრენების სიხშირეების შესახებ მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. იუსტიციის სახლში რუსეთის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელს გურამ ჯალაღონიას შეხვდნენ. ჯალაღონიას შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე რუსულ მხარესთან კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის, იასე ზაუტაშვილის ინფორმაციით, მხარეები კვირის განმავლობაში რუსული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულების ფრენის სიხშირეებს განიხილავდნენ. მისივე განმარტებით, საუბარი, სავარაუდოდ, რუსული ავიაკომპანიების მიერ სხვა მიმართულებით ფრენების შესრულებასაც შეეხებოდა.

Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ ფორმით რუსული ავიაკომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლა კერძო კომპანიებს დააზარალებს და არ არის გამორიცხული, რუსულმა კომპანიებმა საქართველოს საავიაციო სივრცის მონოპოლიზება მოახდინონ.

რუსულ და ქართულ მხარეებს შორის დღევანდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არ ჰქონიათ. უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განმარტებით, ქართულ ბაზარზე რუსული ავიაკომპანიების შემოსვლის შემთხვევაში ფრენების პარიტეტი დაცული უნდა იყოს. მანანა კობახიძე კი მიიჩნევს, რომ თუ რომელიმე ავიაკომპანია ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევს, ამას სათანადო რეაქცია უნდა მოჰყვეს.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რუსულ და ქართულ მხარეებს შორის დღეს გამართული შეხვედრის თაობაზე რამდენიმე დღის წინ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ მთავრობამ საჰაერო მიმოსვლის შესახებ რუსეთის ყველა მოთხოვნა უპირობოდ დააკმაყოფილა. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, რუსეთი 12 კომპანიის დაშვებას მოითხოვდა, რომელთა შორისაც სახელმწიფოსა და პირადად პუტინის კომპანიებიცაა. სიაში არსებული რამდენიმე კომპანია დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებშიც მოხვდა, ავიაკომპანია აეროფლოტმა კი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია, როცა სოხუმის მიმართულებით რეისი შეასრულა. სამოქალაქო ავიაციის საგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებს ამ დროისთვის 4 კომპანია - სევენ ეარლაინსი (იგივე სიბირი), ტრანსაერო, ურალის ავიახაზები და აეროფლოტი - ახორციელებს.

კომენტარები