ომი უკრაინაში

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა, 27 იანვარი

პრორუსი სეპარატისტების L-39 აეროდრომზე, კადრი ტელესიუჟეტიდან

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სპეცოპერაციის შედეგად ე. წ. ნოვოროსიის სამხედრო ავიაცია გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა. მისი თქმით, განადგურებულია როგორც თვითმფრინავები, ასევე მი-24 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები. პრორუსმა სეპარატისტებმა რამდენიმე დღის წინ რუსულ ტელეარხებს საკუთარი ე. წ. სამხედრო ავიაცია უჩვენეს. რუსული საინფორმაციო საშუალებების ვერსიით, სეპარატისტებმა სარემონტო ტექნიკა ხელში ჩაიგდეს და აღადგინეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ გაანადგურეს 4 ტანკი, 9 ჯავშანმანქანა, 4 ზალპური ცეცხლის დანადგარი სმერჩი, 12 გრადი, 18 ავტომობილი. ასევე ავიაცია - ლ-39 ტიპის ერთი თვითმფრინავი, 2 თვითმფრინავი ან-2, ერთი იაკ-52 და 4 ვეტრმფრენი მი-24.

ანტიტერორისტული ოპერაცის პრესცენტრის ცნობთ, ტერორისტებმა სამოქალაქო ობიექტზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს - დებალცევოს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სვეტლოდარსკის სავადმყოფო გრადის დანადგარებით დაბომბეს, არიან დაშავებულები.  

სამხედრო ექსპერტის დმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე რთული სიტუაცია ქალაქ დებალცევოს გარშემოა შექმნილი. სანჯაროვკასა და ტროიცკოესთან უკრაინული პოზიციების წარუმატებელი შტურმის შემდეგ რუსულ-ტერორისტულმა ძალებმა მოწინავე ძალების პირადი შემადგენლობითა და ტექნიკით შევსება განახორციელეს. სეპარატისტები ასევე აძლიერებენ დამრტყმელ ტაქტიკურ დაჯგუფებებს დებალცევოს პლაცდარმის საფლანგო პოზიციებზე, ავდეევკის ჩრდილოეთით და გორლოვკის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნებში.

დებალცევოს პლაცდარმის მარცხენა ფლანგზე განლაგებულია რუსული რეგულარული ჯარის ორი საარტილერიო ჯგუფი, ცენტრალური სამხედრო ოლქის ორი ბრიგადის შემადგენლობიდან (სულ 26 საარტილერიო და 12 ზალპური ცეცხლის დანადგარი).

ტერორისტები არტილერიით ბომბავდნენ უკრაინული ძალების პოზიციებს ქალაქ პოპასინაიასთან, ასევე დონეცკის მიდამოებში და ლუგანსკის ოლქის სტანიცა ლუგანსკაიასთან.

დონეცკის სამხრეთით სოფელ ელენოვკასთან სეპარატისტებმა პოზიციები დატოვეს და უკან დაიხიეს.

გორლოვკის აღმოსავლეთით, დებალცევოს მიმართულებით პრორუსულმა ძალებმა თავი მოუყარეს დამრტყმელ ტაქტიკურ დაჯგუფებას 2 ათასი მებრძოლის, 22 ტანკის და 34 საბრძოლო მანქანის შემადგენლობით.

ვლადისლავ სელეზნიოვის განცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში 9 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 29 დაშავდა.

კომენტარები