ლარის კურსი

ხადური: ვიწყებთ ღონისძიებებს, რათა ლარის გრძელვადიანი სტაბილურობა შენარჩუნდეს

ტაბულა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, მოკლევადიან პერიოდში დაიწყება ღონისძიებები, რაც ექსპორტსა და უცხოურ ინვესტიციებს წაახალისებს, ტურიზმს შეუწყობს ხელს. მისი შეფასებით, აღნიშნული ღონისძიებები ლარის გრძელვადიან სტაბილურობას შეინარჩუნებს.

"უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ შევადარებთ სიტუაციას საქართველოში, რეგიონში და არა მხოლოდ, დოლარის მიმართ ყველა ვალუტა გაუფასურებულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით, ლარი ინარჩუნებს გარკვეულწილად პოზიციებს. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ საგარეო ფაქტორები შეცვლილია. მათ შორის, ექსპორტის, რემიტენსების თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ძალიან აქტიურად, მოკლევადიან პერიოდში დავიწყოთ ღონისძიებები, რომელიც ექსპორტს წაახალისებს, ტურიზმს შეუწყობს ხელს, წაახალისებს უცხოურ ინვესტიციებს. ეს ღონისძიებები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ლარის გრძელვადიანი სტაბილურობა", - თქვა ხადურმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ლარის კურსთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს რკინიგზის დირექტორი მამუკა ბახტაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც 1 დოლარის შეძენა 2,01 ლარად იქნება შესაძლებელი.

კომენტარები