ლარის კურსი

მთავრობა: მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრნენ, გაანალიზდა საგარეო ფაქტორების გავლენა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.

"მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ლარის გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით უნდა განხორციელდეს.

მთავრობა ექსპორტის, ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისების მიზნით აქტიურად იმუშავებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის თანახმადაც 1 დოლარის შეძენა 2,01 ლარად იქნება შესაძლებელი.

კომენტარები