სახალხო დამცველის განცხადება

ფირცხალავა: ომბუდსმენის განცხადების უკან დგანან პოლიტიკოსები

თეორემა/ტაბულა

სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წარმომადგენელი და კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის დედის - ია მეტრეველის მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე სახალხო დამცველის ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, "ამ ყველაფრის უკან დგანან პოლიტიკოსები, რომელთაც გააჩნიათ ვალდებულება "შავ სამყაროსთან".

"მე მგონია, რომ სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს, მგონია, რომ სხვა ქვეყნის სახალხო დამცველი არის. 2014 წლის 27 თებერვალს მივმართე შინაგან საქმეთა მინისტრს, როდესაც ეს ინფორმაცია ვაზაგაშვილის ადვოკატებმა გააჟღერეს. ეს პატიმარი იპოვეს ზუსტად ვაზაგაშვილის ადვოკატებმა, გამოიტანეს ეს ინფორმაცია. ამ განცხადების საფუძველზე დავიკითხე შსს-ში. შემდეგ დაელაპარაკნენ ზედამხედველ პროკურორს და პროკურორმა განაცხადა, რომ ეს საქმე არ არის შსს-ს კომპეტენცია, რადგან საქმე ეხება პატიმარს და განაცხადეს, რომ ეს საქმე გადაეცემოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ანუ გამოძიება მაშინ დაიწყო, რადგან დამკითხეს. შემდგომში, ამ 1 წლის განმავლობაში ია მეტრეველმა ძალიან ბევრჯერ გააჟღერა ეს ინფორმაცია, რატომღაც არ დაინტერესებულა მაშინ სახალხო დამცველი ამ ქალბატონის უსაფრთხოებით 1 წლის მანძილზე. ეს ქალბატონი სავსებით საღ-სალამათია. რა თქმა უნდა, ეს ასე იქნება, იმიტომ, რადგან მსგავს შეთქმულებას და მკვლელობის დაგეგმვას ადგილი არ ჰქონია. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ეს პატიმარი, რას წარმოადგენს.

ამ ყველაფრის უკან დგანან პოლიტიკოსები, ვისაც გააჩნია ვალდებულება შავ სამყაროსთან. ისინი, ვინც განცხადებებს აკეთებდნენ. თინა ხიდაშელმა საერთოდ ჩემი სიკვდილით დასჯა მოითხოვა",-თქვა ფირცხალავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ირაკლი ფირცხალავას, კახა ლეგაშვილის, გიორგი ხიზანიშვილისა და გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ჩამოთვლილმა ადამიანებმა 2008 წლის ივლისში დააკავეს მოქალაქე ლაშა შავიძე და ფსიქიკური ზეწოლით დაიყოლიეს ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განზრახ მკვლელობაზე.

"2015 წლის 27 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოსული წერილის საფუძველზე, ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა ირაკლი ფირცხალავამ, კახა ლეგაშვილმა, გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, 2008 წლის ივლისში გადაამეტეს რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, დააკავეს მოქალაქე ლაშა შავიძე და მასზე ფსიქიკური ზეწოლის მოხდენის და ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემის გზით, თავისუფლების სანაცვლოდ დაიყოლიეს ბუტა რობაქიძის დედის - ია მეტრეველის განზრახ მკვლელობაზე.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 18,109-ე მესამე ნაწილის „გ" და „ვ" ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით", - წერია განცხადებაში.

კომენტარები