სახალხო დამცველის განცხადება

ომბუდსმენი მეტრეველის მკვლელობის დაგეგმვაზე გარკვეულ ინფორმაციას ადრეც ფლობდა

radiotavisupleba.ge/

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, მან ერთი წლის წინ თავად ია მეტრეველისგან [ბუტა რობაქიძის დედა] იცოდა, რომ მეტრეველის მკვლელობა იგეგმებოდა. თუმცა, მაშინ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონდა. ამის შესახებ ომბუდსმენმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.

"ამის შესახებ ვიცოდი ქალბატონ ია მეტრეველისგან. მაშინაც მოხდა ჩვენგან კონკრეტული წერილის გაგზავნა პროკურატურაში. თუმცა, არ გვქონდა დეტალური ინფორმაცია, რაც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ აღნიშნული მსჯავრდებულისგან. ამჟამად სწორედაც რომ გაგვაჩნდა იმდენი ინფორმაცია, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მოგვემზადებინა სპეციალური წინადადება მთავარი პროკურორის სახელზე. დანარჩენი უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია", - თქვა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ირაკლი ფირცხალავას, კახა ლეგაშვილის, გიორგი ხიზანიშვილისა და გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ჩამოთვლილმა ადამიანებმა 2008 წლის ივლისში დააკავეს მოქალაქე ლაშა შავიძე და ფსიქიკური ზეწოლით დაიყოლიეს ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განზრახ მკვლელობაზე.

"2015 წლის 27 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოსული წერილის საფუძველზე, ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა ირაკლი ფირცხალავამ, კახა ლეგაშვილმა, გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, 2008 წლის ივლისში გადაამეტეს რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, დააკავეს მოქალაქე ლაშა შავიძე და მასზე ფსიქიკური ზეწოლის მოხდენის და ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემის გზით, თავისუფლების სანაცვლოდ დაიყოლიეს ბუტა რობაქიძის დედის - ია მეტრეველის განზრახ მკვლელობაზე.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 18,109-ე მესამე ნაწილის „გ" და „ვ" ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით", - წერია განცხადებაში.

ირაკლი ფირცხალავა კი ბუტა რობაქიძის დედის - ია მეტრეველის მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე სახალხო დამცველის ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, "ამ ყველაფრის უკან დგანან პოლიტიკოსები, რომელთაც გააჩნიათ ვალდებულება "შავ სამყაროსთან".

კომენტარები