პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა

ახალი ვიდეოჩანაწერი - პოლკოვნიკი პოლიციელებს: სამხრეებს გაუფრთხილდით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპატრულო პოლიციასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც ასახულია ფაქტი, სადაც მოქალაქე პოლიციელს წინააღმდეგობას უწევს და საბუთების ჩვენებაზე უარს ეუბნება.

"ბიჭებო, ძალიან დიდ შეცდომას აკეთებთ და ერთ რამეს გეტყვით. დაიმახსოვრეთ, ზურა ვარ ბერიკაშვილი. ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ და სამხრეებს გაუფრთხილდით", - ასე მიმართავს მოქალაქე პოლიციელს, რომელიც თავს პოლკოვნიკად წარადგენს.

კადრებში ასევე ჩანს, რომ მოქალაქე პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას ცდილობს, პოლიციის რეაგირების შემდეგ კი ყვირის, რომ მას იარაღი ამოუვარდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ინციდენტი ბორჯომში თვეების წინ მოხდა. მისივე ცმობით, ვიდეო გადაღებულია გარე კამერის მეშვეობით, ხოლო ხმა პატრულის თანამშრომლებმა ჩაიწერეს.

ჯაფარიძის ინფორმაციით ინციდენტში მონაწილეობს ზურაბ ბერიკაშვილი, რომელიც მსგავსი ფაქტის გამო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ის ისევ სამინისტროს სტრუქტურებში დაბრუნდა და ინციდენტის დროს ჩინით პოლკოვნიკი იყო.

”ინციდენტი, რომელიც თქვენ ფირზე ნახეთ, მოხდა ბორჯომში, თვეების წინ. მასში მონაწილეობს, ვინმე ზურაბ ბერიკაშვილი. ეს ადამიანი ადრე მუშაობდა შს სამინისტროს სტრუქტურებში. ნაციონალური მოძრაობის დროს ის გაუშვეს შს სამინისტროს სტრუქტურებიდან, იმის გამო, რომ მსგავსი საქციელი ჩაიდინა. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს ადამიანი დაბრუნდა ისევ შს სამინისტროს სტრუქტურებში. ამ ინციდენტის დროს ჩინით პოლკოვნიკი იყო. აქ არის დაკავებული, პატრული აჩერებს მანქანას, თვითონ არ ზის საჭესთან, საჭესთან ზის მძღოლი, რომელიც ასევე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მას შემდეგ რაც პატრულმა გააჩერა, ეს ადამიანი გადმოვიდა და პატრულს უხსნიდა, რომ მისი ჩინი არის პოლკოვნიკი, ის არის შსს-ს თანამშრომელი, მათ შორის ახსენებს თავის ზუსტ თანამდებობას და ეუბნება, რომ ის უნდა გაუშვან და არ უნდა დააჯარიმონ. პატრული მაინც გადაწყვეტს, რომ ის უნდა დააჯარიმონ, ამის შემდეგ ეს ადამიანი იღებს იარაღს, რის შემდეგაც პატრული მას აკავებს და ის გადაყავთ სამმართველოში“, - ამბობს ჯაფარიძე.

ჯაფარიძისვე ინფორმაცით, ინციდენტის შემდეგ იძულებით დააწერინეს განცხადება და სამსახურიდან გაათავისუფლეს მასში მონაწილე ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელი, გიორგი ლომსაძე.

მისივე თქმით, ზურაბ ბერიკაშვილი, რომელიც ვიდეოში ნასვამ მდგომარეობაშია და იარაღს იღებს პატრულის თვალწინ, ინციდენტის შემდეგ დააწინაურეს და დღეს კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილეა.

„ეს არის, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, თუ რა ტიპის კადრების დაბრუნება ხდება შსს-ს სტრუქტურებში. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ხდება ინსტიტუტების ნგრევა, კონკრეტულად, პოლიციის ნგრევა და ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ხდება  ქვეყანაში კრიმინალის ზრდა“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

კომენტარები