პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა

საგანელიძე: ახალმა ჩანაწერმა მაფიქრებინა, რომ ეს ენმ-ის დადგმული სერიალია

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ გავრცელებული მასალები პოლიციაზე ზეწოლის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დადგმულია. ამის შესახებ განცხადება მან, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

"ვნახე გუშინდელი ჩანაწერი და გარკვეულწილად ამან შემაშფოთა და დამაფიქრა. ჩემი დასკვნებიც გავაკეთე, რა და როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ დღეს გავრცელებულმა ახალმა ჩანაწერმა უკვე მაფიქრებინა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის სერიალია და როცა დგამს რომელიმე პოლიტიკური პარტია, მით უმეტეს, ასეთი გამოცდილი პოლიტიკური ძალა სერიალების დადგმაში, პიარში, ინტრიგებში და ათას მსგავს ფაქტებში, მაფიქრებინებს, რომ ეს მათი დადგმულია, ერთი დიდი სცენარის ნაწილია და უკვე ყველაფერს უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ ამ პარტიაში და ამ ძალაში ძალიან ბევრი საკმაოდ ნიჭიერი სცენარისტია, ბრჭყალებში, იმ გაგებით, რომ გააკეთოს სიბინძურე და ებრძოლოს ხელისუფლებას", - განაცხადა საგანელიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეკა ყუშიტაშვილი მსახიობი, საგანელიძემ უპასუხა, რომ "ის შეიძლება მსახიობი არ იყოს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიო ასეთი მსახიობი, ისე რომ ათქმევინო, გააკეთებინო და მერე ეს ყველაფერი ისეთი რაკურსით წარმოაჩინო, რომ ამას მისცე სხვა დატვირთვა. ასეთი მსახიობები შეიძლება არ იყვნენ, მაგრამ შეიძლება გაამსახიობო ზოგიერთი და მერე გამოიყენო შენი მიზნებისთვის. ეს სხვათა შორის მარტივია", - თქვა საგანელიძემ. 

კომენტარები