ომი უკრაინაში

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა, 28 იანვარი

facebook.com/ato.news

ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების მორიგი ესკალაცია გამორიცხული არ არის, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ანტიტერორისტული ოპერაციის პრესმდივანმა ანდრი ლისენკომ განაცხადა. მისი თქმით, ამის სასარგებლოდ რუსეთიდან ახალი შეიარაღების, საწვავის, საბრძოლო მასალოს შემოტანა, ასევე „ჰუმანიტარული კოლონის" მოსალოდნელი შემოსვლა მეტყველებს.

ლისენკოს თქმით, დღე-ღამის განმავლობაში მრავალჯერ გაიხსნა ცეცხლი ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების წინააღმდეგ ყველა მიმართულებაზე, მათ შორის არტილერიის, ნაღმმტყორცნების, ტანკების და გრადის ტიპის დანადგარების გამოყენებით.

ტერორისტებმა გრადის დანადგარით დაბომბეს ქალაქ დებალცევოს სარკინიგზო სადგურის შენობა. დაბომბვის გამო ქალაქს უკვე მეექვსე დღეა არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.

ცნობილი გახდა, რომ გუშინ ქალაქ სვეტლოდარსკში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად ერთი მედდა დაიღუპა.

ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის ცნობით, გვიან ღამით სეპარატისტებმა შეტევა სცადეს დონეცკის აეროპორტის მახლობლად, პესკი-ვოდიანეს მიმართულებთ, ასევე ნოვობახმუტოვკას მიმართულებით. გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ მათ უკან დაიხიეს.

მარიუპოლში ღამემ მშვიდად ჩაიარა.

ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსულ-ტერორისტული ძალები დებალცევოს გარშემო ძალების თავმოყრას აგრძელებდნენ. ამ მიდამოებში 5 ბატალიონურ-ტაქტიკური ჯგუფი მოქმედებს, სულ მცირე ერთი მათგანი რუსეთის სადესანტო ჯარების მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული. დაჯგუფების საერთო რიცხოვნობა, რომელიც დებალცევოს პლაცდარმისთვის ბრძოლაში მონაწილეობს, 2 500 ადამიანი, 35-მდე ტანკი, 50 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 50 ერთეული არტილერია და სულ მცირე 22 ერთეული ზალპური ცეცხლის დანადგარია.

დებალცევოს რაიონში ტროიცკოედან სვეტლოდარსკის მიმართულებით შტურმის უშედეგო მცდელობის შემდეგ სეპარატისტებმა საწყის პოზიციებზე დაიხიეს და ბრძოლისუნარიანობის აღდგენას ცდილობენ.

უკრაინული ძალების მობილურმა ჯგუფმა დონეცკის სამხრეთით, დოკუჩაევსკის მიდამოებში მოწინააღმდეგის ორი ნაღმმტყორცნის გათვლა გაანადგურა.
დონეცკის ჩრდილოეთით, დასახლებულ პუნქტ ავდეევკას დაბომბვის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა - გათბობის ტრასა და ელექტროგადამცემი ხაზები. დაბომბვის გამო მათი აღდგენა ვერ ხერხდება. დაიბომბა ქალაქის სხვადასხვა ობიექტები.

რუსული გაზეტა.რუ, სეპარატისტების „თავდაცვის სამინისტროზე" დაყრდნობით, ავრცელებს ცნობას, რომ დებალცევოში მყოფ უკრაინელ სამხედროებს ზურგთან მხოლოდ ერთი გზა, არტემოვსკის მიმართულებით, აკავშირებს, რომელიც მუდმივი ცეცხლის ქვეშ იმყოფება. სეპარატისტებს იმედი აქვთ, რომ სამხედროები დებალცევოდან უკან დაიხევენ.

„მოწინააღმდეგე მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვა (ალყიდან), თუ ახლა გამოვა. თუ არა, არავინ იცის რა მოუვათ ამ საღამოს. გასვლა მათ არტემოვსკის მიმართულებით შეუძლიათ", - განუცხადა გამოცემას წყარომ სეპარატისტების ხელმძღვანელობაში. „დონეცკის რესპუბლიკა" ამტკიცებს, თითქოს უკრაინელმა სამხედროებმა დღე-ღამეში 170 ადამიანი დაკარგეს.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით კი, დღე-ღამის განმავლობაში 3 სამხედრო დაიღუპა, 15 დაშავდა.

კომენტარები