ლარის კურსი

ღარიბაშვილი ლარის კურსზე: განსაკუთრებით საგანგაშო არაფერი ხდება

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ლარის გაუფასურებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "განსაკუთრებული და საგანგაშო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება“.

"მე მინდა, საზოგადოებისთვის გავაკეთო განმარტება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური გუნდის წევრებმა უკვე გააკეთეს ამასთან დაკავშირებით განმარტებები - ვიცეპრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ფინანსთა მინისტრმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. მე მქონდა შეხვედრა, ჩვენ ვიმსჯელეთ ამაზე, დეტალურად მიმოვიხილეთ რეგიონში და მსგავს მსოფლიოში არსებული ვითარება. მე მოვისმინე განმარტებები, თუ რა გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენს ეკონომიკაზე“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა და შედარებისთვის მოიყვანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის კურსის ცვლილება, მათ შორის უკრაინის, რუსეთის, ბელორუსიის, მოლდოვას, შვედეთის, ნორვეგიის, პოლონეთის და ა.შ.; მისი თქმით, გასული თვეების განმავლობაში აღინიშნება დოლარის გამყარების ტენდენცია.

"ქართული ლარი გაუფასურებულია 12%-ით, ამის შემდეგ მოდის გირვანქა სტერლინგი 10%-ით. ეს მაგალითები მე მოვიყვანე იმისთვის, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ავუხსნათ - განსაკუთრებული და საგანგაშო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. ეს არის მთელ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები და ამას სჭირდება კარგად გააზრება, ახსნა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მთავრობის წევრებს და ეროვნულ ბანკს მიმართა თხოვნით რომ როდესაც საზოგადოებაში კითხვები ჩნდება, დროულად მოახდინონ რეაგირება. 

"უნდა მოხდეს საზოგადოების დროული ინფორმირება, რომ არ მივცეთ საშუალება გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც არ ფიქრობენ სახელმწიფოზე, არ ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და ფიქრობენ პოლიტიკური დივიდენრების მიღებაზე, რომ არ გაჩნდეს საფუძველს მოკლებული პანიკა და არასწორი განცდები საზოგადოებაში. ქართული ლარის დოლართან მიმართებაში ბოლო დოინდელი გაუფასურება და ამ ტენდენციის ანალიზი ცხადყოფს იმას, რომ ეს არის გამოწვეული რეგიონში მიმდინარე მოვლენებით და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით. რა თქმა უნდა ეს არის გლობალური პროცესის ნაწილი და ამიტომ მისი განხილვა ამ კონტექსტის გარეშე არ იქნებოდა სწორი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება.

"საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც არის ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმი. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. კურსის გაუფასურების გამო ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მსოფლიოში მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის ფასები. ფასების საშუალოვადიან დინამიკას აკონტროლებს ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და მთავრობის სრული მხარდაჭერა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით გავაკეთოთ ყველაფერი“, -განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკის მინისტრის ხელძღვანელობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ ღონისძიებებზე, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის წახალისებაზე.

"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს სიტუაცია იყოს ბოლომდე კონტროლის ქვეშ და დანარჩენი, რაც მოხდება მსოფლიოში და როგორც უკვე ვითარდება სიტუაცია, ამის თაბაზე ჩვენ დროულად მოვახდენთ საზოგფადოების ინფორმირებას, რათა არ მიეცეს საშუალება არავის, რომ მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში. ჩვენი მტავარი პრობლემა არის საზოგადოების დროული ინფორმირება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ არ ვეუბნებით ან დროულად არ ვეუბნებით საზოგადოებას ყველაფერს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები