ზეწოლა პატრულის თანამშრომლებზე

უსუფაშვილი ენმ-ის ვიდეოებზე: ვინც სიცრუეს უკეთებს ტირაჟირებას, მხილებული იქნება

David Usupashvili Official

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ვიდეოებზე კომენტირებისას თქვა, რომ "ვინც სიცრუეს უკეთებს ტირაჟირებას, ის ძალიან მალე იქნება მხილებული".

"მოდაშია ახლა ვიდეომასალების შექმნა, მოპოვება, მონტაჟი, გავრცელება და ა.შ. ვიდეომასალა სხვა მასალისგან განსხვავებით თავად ქმნის შთაბეჭდილებას საკუთარ თავზე. ასე რომ, მნახველმა თავად განსაჯოს, რასთან გვაქვს საქმე და თანამედროვე ვითარებაში ტყუილი და მართალი არ იმალება. ვინც სიცრუეს უკეთებს ტირაჟირებას, ის ძალიან მალე იქნება მხილებული. ჩემი კომენტარის გამო არა. თითოეულმა ჩვენგანმა გაანალიზოს, დავფიქრდეთ, როდის ხდება, რა ხდება და ასე მივიღოთ დასკვნები. მე არ ვარ ექსპერტი ვიდეოინჟინერიაში, რომ რამე მოგახსენოთ ამის თაობაზე. ვისურვებდი, რომ საერთოდ ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტები უფრო პროდუქტიულად ვოპონირებდეთ ერთმანეთთან. ანუ ჩვენი ოპონირება ხელს უწყობდეს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებას და არა ამ გაუთავებელ მითქმა-მოთქმას იქით-აქეთ", - თქვა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, 27 იანვარს ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ორი ვიდეომასალა, სადაც, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კანონდამრღვევი მოქალაქე ეკა ყურშიტაშვილი პატრულს გაჩერებისთვის შეურაცხყოფას აყენებს და შემდეგ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსისა (დათო ცინარიძეს) და მისი მოადგილის დახმარებით "იგვარებს პრობლემას". ჯაფარიძის ცნობით, პატრულის თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მორიგი ვიდეო ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინ გაავრცელა. მასში ბორჯომში მყოფი მოქალაქე, რომელიც თავის თავს პოლკოვნიკად მოიხსენიებს, პოლიციელს წინააღმდეგობას უწევს და საბუთების ჩვენებაზე უარს ეუბნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ კი გავრცელებულ ვიდეოებზე მოკვლევა დაიწყო. ინსპექცია შეისწავლის, დაარღვია თუ არა პატრულმა კანონი, დაუკავშირდა თუ არა მოქალაქე თანამდებობის პირებს და ასევე იმას, თუ საიდან მოხვდა ვიდეოკადრები "გარეშე პირებთან".

კომენტარები