9+1

ენმ-ს ცხრაწლიან მმართველობაზე ფილმები შესაძლოა გოგა ხაინდრავამ გადაიღოს

ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობაზე მხატვრული ფილმების სერიის რეჟისორობაზე შეთავაზება გოგა ხაინდრავამ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას Ambebi.ge ავრცელებს.

Ambebi.ge-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაინდრავამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა ის მსგავსი პროექტის გადასაღებად მზადაა.

"ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ უკვე მივიღე შემოთავაზება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ ვერ გეტყვით, რა ტიპის ფილმი იქნება, ჩამოყალიბების პროცესში ვართ. შემოთავაზება უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მივიღე. ბევრი მიფიქრია მსგავსი ტიპის პროექტზე, ახლა ჩამოყალიბების პროცესში ვართ და რა იქნება, წინასწარ ვერ ვიტყვი", - განაცხადა ხაინდრავამ.

ხაინდრავას განცხადებით, პროფესიიდან გამომდინარე, მას არ გაუჭირდება ამ ფილმის გადაღება.

"ადრეც მიფიქრია ამაზე ფილმის გადაღებაზე, ნოყიერ ნიადაგზე მივიღე შემოთავაზება. რაღაცეები სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც კავშირშია ჩემს პროფესიასთან, კონფლიქტების მოგვარება და მინისტრობა ჩემი საქმე არ არის. ყველაზე კარგად ფილმის გადაღება ვიცი, ამის უნარიც მაქვს, გამოცდილებაც და პოტენციალიც. კარგად გადავიღებ ამ ფილმს", - განაცხადა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადაღებების პროცესში არ ჩაერევა და თუ ის იქნება რეჟისორი, დამოუკიდებლად მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას.

"რას ნიშნავს ჩაერევა. ეს მითები და პოლიტიკური მაქინაციები იმ ხალხის მოგონილია, ვინც არასდროს ყოფილა მის მიმართ კეთილგანწყობილი. ბიძინა ივანიშვილი თავის საქმეს აკეთებს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ პროექტის შესახებ, მაგრამ კინოს მე გადავიღებ", - განმარტა ხაინდრავამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა განცხადა, რომ მას ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობაზე მხატვრული ფილმის გადაღება სურს და ამ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „9+1“ ასე ერქმევა 200-სერიან მხატვრულ ფილმს. 

კომენტარები