შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტი

მთავრობის ახალი კანონპროექტით უცხოელის დასაქმების აუცილებლობა უნდა დასაბუთდეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი კანონპროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან, მუშახელის უცხოეთიდან შემოყვანას შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი დაარეგულირებს.

პარლამენტში წარდგენილი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი დამსაქმებელი, რომელსაც მიაჩნია, რომ ადგილობრივ ბაზარზე დაქირავებული კადრები, არასათანადო კვალიფიკაციის გამო, სამუშაოს სათანადოდ ვერ ასრულებენ და ამიტომ უცხოეთიდან სურს კვალიფიციური კადრების ჩამოყვანა, ვალდებულია, არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს და იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო 7 დღის ვადაში ვერ მოიძიებს მოთხოვნის შესაბამის ადგილობრივ კადრს, მაშინ დამსაქმებლის მოთხოვნა რეგისტრირებულად მიიჩნევა.

მთავრობის მიერ ინიცირებული ეს კანონპროექტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ლომიძემ წარადგინა და მას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

ლომიძის განცხადებით ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებას და გამორიცხავს არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს, ასევე - ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ქვეყანაში შრომითი მიგრაციული პროცესების რეგულირებას.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით კი ამ კანონპროექტით ცალსახად არაფერი იზღუდება.

„შრომითი მიგრაციის კანონპროექტი, ცალსახად არ არის დეფინიცირებული, რომ ვინმეს რამე შეეზღუდოს. ამის მიზანია, რომ მოწესრიგდეს შრომითი მიგრაციის საკითხები, როგორც ქვეყანაში შემავალ სპეციალისტებზე, მუშა ხელზე ასევე, საქართველოდან სხვა ქვეყნებში გასულზე. ეს არის მოწესრიგება და არა შეზღუდვა“, - განაცხადა სერგეენკომ.

კანონპროექტი ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ შრომითი მოწყობის წესსაც ეხება: იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ან აპირებს საზღვარგარეთ შრომით მოწყობას, ვალდებულია, დადოს შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება უცხოელ დამსაქმებელთან; შრომითი მიგრაციის შესახებ ინფორმაცია ემიგრანტს გამგზავრებამდე მიაწოდოს; აღრიცხოს ის პირები, რომელთაც საზღვარგარეთ შრომით მოწყობაში დაეხმარა; ამასთან, 5 წლის განმავლობაში შეინახოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძის აზრით ამ კანონპროექტმა შესაძლოა ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა შეამციროს.

„ვის არ გაუხარდება თეზისი , რომ სამუშაო, რომლის შესრულება ქართველს შეუძლია, არ შეასრულოს უცხოელმა. თუმცა, რადგან ინვესტორს ჩამოყავს უცხოელი, რომელიც საკმაოდ ძვირი უჯდება, ეს ნიშნავს, რომ ენდობა მას. ამ შემთხვევაში, ხელოვნური ბარიერების შექმნა ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს, ვინაიდან გამოიწვევს ინვესტიციების შემცირებას“, - განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები