Human Rights Watch-ის ანგარიში

HRW: ათასობით საჩივრიდან ძირითადად ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაიწყეს გამოძიება

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთი თავი წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებას ეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2012 წლის ხელისუფლების ცვლის შემდეგ, პროკურატურაში ათასობით საჩივარი შევიდა, თუმცა, უწყებამ გამოძიება ძირითადად ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაიწყო. ტექსტში საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას, შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილის, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების და სხვა საქმეებზე.

"პროკურატურამ შეისწავლა ათასობით საჩივარი, რომლებიც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შევიდა. აღნიშნული საჩივრები რამდენიმე კატეგორიად იყოფოდა და უკავშირდებოდა ქონების უფლების დარღვევას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და საპროცესო გარიგებების სისტემის ბოროტად გამოყენებას. აღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით ათეულობით სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული, ძირითადად ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების არარსებობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ საქმეზე უნდა დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა, აგრეთვე შთაბეჭდილება, რომ გამოძიების სამიზნე ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იყვნენ, ოპოზიციას საფუძველს აძლევდა, ემტკიცებინა, რომ მათი აქტივისტები პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. ივლისში გამოქვეყნებულ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ მომზადებულ ანგარიშს, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგებზე, არ დაუფიქსირებია მნიშვნელოვანი პროცედურული თუ სამართლიანი სასამართლოს ნორმების დარღვევა.

ივლისში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე საქმეზე წაუყენეს ბრალი, მათ შორის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. აგვისტოში სასამართლომ სააკაშვილის, მისი მეუღლის, შვილების, მშობლებისა და ბებიის ქონებას ყადაღა დაადო. სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმე შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას და კერძო ტელეკომპანიაში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას". ექსპრეზიდენტმა 2013 წლის ნოემბერში პრეზიდენტობიდან გადარჩევის შემდეგ მალევე დატოვა ქვეყანა. სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 48.2 მილიონი ლარის (დაახლოებით, 30 მილიონი აშშ დოლარის) გაფლანგვის ბრლადებით პროკურატურამ ივლისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დააკავა; სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციის განცხადებით, უგულავას დაპატიმრებით დაირღვა მორატორიუმი, რომელიც აპრილში გამოაცხადა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩაბმული.

თებერვალსა და აგვისტოში სასამართლოებმა სისხლის სამართლის სამ სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის არამიზნობრივ ხარჯვასა და მექრთამეობაზე, ქონების უფლების შელახვაზე და ძალაუფლების გადამეტებაზე განაჩენი გამოუტანეს ვანო მერაბიშვილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, და სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს მას.

არადეკლარირებული საბანკო ანგარიშების გამო აგვისტოში პროკურატურამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და მისი მეუღლე დაკითხა.
პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ აქტუალური გახდა ოქტომბერში, როდესაც დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი; მათ ბრალი წაუყენეს სავარაუდოდ გაყალბებული ტენდერის საფუძველზე 4.1 მილიონი ლარის (დაახლოებით 2.31 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით. თავდაპირველად პროკურატურამ არ უზრუნველყო დაცვის მხარის ადვოკატების სრული წვდომა მტკიცებულებებზე იმ მოტივით, რომ მათ შორის საიდუმლო დოკუმენტები იყო, რითაც შეილახა ეფექტიანი დაცვის განხორციელების უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ანგარიშის მომზადების დროს, დაცვის მხარეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წვდომა მტკიცებულებებზე. ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული", - წერია ანგარიშში.

კომენტარები