პავლე კუბლაშვილი საქართველოს მთავრობაზე

კუბლაშვილი: როგორ შეიძლება, ხადური და ჭიკაიძე მთავრობის ნაკლად არ მიიჩნიო

ტაბულა

როგორ შეიძლება ხადური გყავდეს მთავრობაში და მთავრობის ერთი ნაკლიც არ გაგახსენდეს, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა.

კუბლაშვილი ყოფილი პრემიერმინისტრის ნათქვამს გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მთავრობა ჰყავს.

„ადამიანი გყავდეს, რომელმაც ბიუჯეტი ორჯერ, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორა და ამის მიუხედავად, ვერ ასახელებდე რა პრობლემა არის მთავრობაში, როგორ შეიძლება ეკონომიკაში ასეთი მდგომარეობა იყოს შექმნილი და ეკონომიკის მინისტრს აქებდე ან მის მინუსებზე არ საუბრობდე“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილის თქმით, ჭიკაიძე მთავრობაში ბუტაფორია იყო და შს სამინისტროს ყოფილ მინისტრს ევროპულ მთავრობასთან საერთო არაფერი აქვს. 

„უკვე ტრადიციად იქცა, რომ ბათუმში ბიზნესმენის მანქანა იწვება. ეს ხდება უკვე მერამდენედ და ამასთან დაკავშირებით პასუხი არ არის და მიუხედავად ამისა, შს მინისტრი, ბატონი ჭიკაიძე, რომელზეც საზოგადოება დანიშვნის დღიდან შეთანხმდა, რომ ის იყო უვარგისი ამ თანამდებობისთვის, ტაშით გააცილეს თანამდებობიდან და ვაჟკაცური უწოდეს მის საქციელს.

ჭიკაიძე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ბუტაფორიად იჯდა, არაფერს არ აკეთებდა, მისი მინისტრობის დროს ქურდებთან მეგობრობდა შსს და ეს ადამიანი თურმე არ არის ნაკლი და ეს არის ევროპული მთავრობა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

კომენტარები