ფიქრია ჩიხრაძე ივანიშვილზე

ჩიხრაძე: ხელისუფლება თვალებში შესციცინებს ივანიშვილს, რომ მიხვდეს რა სურს მას

თეორემა/ტაბულა

მთელი ხელისუფლება თვალებში შესციცინებს ივანიშვილს, რომ მიხვდეს რა სურს მას, - ამის შესახებ ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა.

ჩიხრაძის თქმით, ივანიშვილი ქვეყანას ძალიან უცნაური ფორმით მართავს.

„ის წავიდა ოფიციალურად თანამდებობიდან, მას არ აქვს თანამდებობა ოფიციალური, არ უწევს თათბირებზე სიარული და კონკრეტულად დავალებების მიცემა თანამდებობის პირებისთვის. ის როგორც ლიდერი ისეც არ იქცევა, რომ თავისი მოსაზრებები პერიოდულად გაუზიაროს თავის გუნდს და ამის მიხედვით მოქმედებდნენ ის დანარჩენები“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ახალი მემარჯვენეების ლიდერის თქმით, ივანიშვილის მოსაზრების მოსმენამდე მთავრობისა თუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება უჭირთ.

„ეს მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, თვალებში შესციცინებს ბიძინა ივანიშვილს, რომ იქნებ როგორმე მიხვდნენ რა უნდა ბიძინა ივანიშვილს, რისი სურვილი აქვს, საკადრო გადაწყვეტილებას რა ფორმით გამოეხმაურონ. ხშირად დუმილი დაისადგურებს მთავრობაში, მაშინ როცა არც მესიჯი მოდის ვინმესგან და ვერც თვითონ ვერ მიხვდნენ როგორი შეფასება უნდა მოხდეს და მაშინ არიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. მაგრამ როცა ტელევიზიით მოისმენენ ივანიშვილის გარკვეულ მოსაზრებას, მერე იცოცხლე -გამოეფინებიან და ყველაფერთან დაკავშირებით თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ და ძირითადად ეს მოსაზრებები კოპირებულია“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ჩიხრაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, მას საზოგადოებამ ლეგიტიმაცია კი მისცა, მაგრამ საზოგადოება ბოლომდე მისი ღირსი არ არის.

"მას აღქმა აქვს, რომ საზოგადოება უნდა გაზარდოს. საზოგადოებისგან ის არანაირ შენიშვნას არ იღებს, არც კრიტიკას“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ცდილობს, წიგნით, ფილმით, სატელევიზიო გამოსვლებით საზოგადოება გაზარდოს.

„საბოლოო ჯამში, ძალიან უცნაური, თავისებური, ეგზოტიკური და მე ვფიქრობ, ქვეყნისთვის ძალიან საზიანო ე.წ. ქვეყნის მართვის მდგომარეობაში აღმოვჩნდით“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

კომენტარები