NATO-საქართველოს ურთიერთობა

მარგველაშვილი ვერშბოუს NATO-ში ინტეგრაციის პროცესებზე ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრა გამართა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი იყო.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. მხარეებმა ყურადღება NATO-ს უელსის სამიტსა და იმ არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს, რომელიც საქართველომ ამ სამიტზე მიიღო. მხარეებმა ასევე განიხილეს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა. აღინიშნა ისიც, რომ ქართული მხარე, ისევე როგორც ალიანსის წევრი სახელმწიფოები, მოწოდებულია, დროულად და ეფექტიანად განახორციელოს პაკეტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალექსანდრ ვერშბოუს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მისი პირადი ჩართულობისა და წვლილისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და NATO-ს ქმედითი ჩაბმულობისთვის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში.

კომენტარები