ღარიბაშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე

ღარიბაშვილი: ჟენევის ფორმატში რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი უნდა გაგრძელდეს

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული დიალოგი გაგრძელდეს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჰერბერტ ზალბერისთან შეხვედრისას განაცხადა. საუბრის მთავარი თემები საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსია უმნიშვნელოვანესი ადგილია რუსეთთან მოსალაპარაკებლად უსაფრთხოების თემებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე.

ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს სურს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ყველაფერს გააკეთებს, რათა გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი ჟენევაში.

საუბარი შეეხო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკასთან მოკავშირეობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას და ითქვა, რომ რუსეთი ასევე გეგმავს ახალი ხელშეკრულების ხელმოწერას სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

კომენტარები