NATO-ს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში

სტოლტენბერგი: 2014 წელი იყო შავი წელი ევროპის უსაფრთხოებისთვის

northcountrypublicradio

"2014 წელი იყო შავი წელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, თუმცა, NATO-მ შეძლო, პასუხი გაეცა ცვალებადი გარემოსთვის", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას. ანგარიში 2014 წელს ალიანსის მნიშვნელოვან მიღწევებს ეხება. მასში გაწერილია ის მიზნები და ამოცანები, რასაც NATO-მ მომავალში უნდა მიაღწიოს. გენერალურმა მდივანმა უკრაინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთზე ეკონომიკური სანქციების დაწესება კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზაა.

"მხარს ვუჭერთ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს. მნიშვნელოვანია, რუსეთმა იცოდეს, რომ შედეგი მოჰყვება საერთაშორისო სამართლის დარღვევას, ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლას და სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსიას. სანქციების ალტერნატივა არაფრის გაკეთება ან სამხედრო ჩარევაა. ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ სანქციები საუკეთესო ალტერნატივაა, რადგან კრიზისს სამხედრო ჩარევით ვერ მოვაგვარებთ. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სეპარატისტების დახმარება", - თქვა სტოლტენბერგმა.

პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგი საქართველოსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის NATO-სთვის ძალიან ღირებული პარტნიორია.

"საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია. მომავალ კვირას გავმართავთ NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას და NATO-საქართველოს კომისიის სხდომას საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად. ეს NATO-სა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა. ჩვენ დავიწყეთ არსებითი პაკეტის განხორციელება, რომელიც ეხება თავდაცვის შესაძლებლობების შექმნას და საქართველოს დახმარებას შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და რეფორმირებაში. გარდა ამისა, ვქმნით საწვრთნელ ცენტრს, სადაც NATO-ს ინსტრუქტორები ქართველ ოფიცრებთან და სამხედრო პერსონალთან ერთად იმუშავებენ. მათ ინსტრუქციები და წვრთნა ჩაუტარდებათ".

კომენტარები