ზურაბ ჯაფარიძე

ჯაფარიძე: რაც არ უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა, ეკონომიკურ ზრდას შეანელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გადაწყვიტა, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფება. ჯაფარიძისვე განცხადებით, ეროვნული ბანკის ნებისმიერი მოქმედება შეაფერხებს ეკონომიკური ზრდის ტემპს. 

"ის, რომ ქვეყანაში ეროვნული ბანკის პრეზიდეტს უწევს გამოსვლა და იმის თქმა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად იმყოფება კრიზისულ მდგომარეობაში და ქვეყანა უნდა ჩაერიოს აქტიურად მონეტარული პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით და რაღაც უნდა მიიღოს, ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი. ეს არის კატასტროფა. ეროვნული ბანკის ჩარევა ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ან დოლარი უნდა გამოუშვას და სავალუტო რეზერვები შემცირდება ან ლარის მასა უნდა ამოიღოს სხვადასხვა გზებით, მაგალითად შეიძლება დარეზრვების პროცენტი აწიოს და უფრო მეტი პროცენტი დაატოვებინოს კომერციულ ბანკებს, რაც იმას ნიშნავს რომ თავად ბანკებს მოუწევთ პროცენტის აწევა და სესხები გაძვირდება, რაც დაარტყამს ასევე მოსახლეობას ან ფულის მასა ამოიღოს მიმოქცევიდან, რაც ეკონომიკას შეანელებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ეკონომიკას შეანელებს. რაც არ უნდა გააკეთოს ახლა ეროვნულმა ბანკმა და სწორი მიმართულებით მიდის - სხვა გზა სამწუხაროდ არ დაუტოვა ამ მთავრობამ, ეს გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო შენელებას"   - განმარტა იმედის ეთერში ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი მომდევნო კვირიდან მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენი აზრით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს საფრთხე, ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესით ძალიან ზარალობენ მოქალაქეები, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ დოლარში, შემოსავლები კი ლარში. ამიტომ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება მნიშვნელოვნად გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე" - ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებაში.




კომენტარები