ემზარ კვიციანი

კვიციანი: ჟურნალისტებს სჭირდებათ სენსაცია, ამიტომ გამოვაცხადე დაუმორჩილებლობა

ემზარ კვიციანმა, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა, იმედის ეთერში 2006 წელს კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა. კვიციანის განმარტებით, მას შეიარაღებული ამბოხის იდეა არ ჰქონია და დაუმორჩილებლობა მხოლოდ იმიტომ გამოაცხადა, რომ ჟურნალისტებისა და ხალხის ყურადღება მიეპყრო. 

"ჟურნალისტებს სჭირდებათ სენსცია, ამიტომ გამოვაცხადე დამოურჩილებლობა... მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯარი შემოდიოდა ხეობაში იმიტომ, რომ ჩვენ გამოვეგდეთ იქიდან და ასეთი ბრძოლა 1993 წლიდან მოდიოდა ჩვენ წინააღმდეგ რომ გამოვეყვანეთ იქედან. ეგ დაუმორჩილებლობა იმიტომ იყო ნათქვამი, რომ ამეტეხა ხმაური, რომ ჯარი არ შემოსულიყო ხეობაში. ეს არის ანკლავი სადაც დადებული გაქვს ხელშეკრულება 1994 წლი,ს მოსკოვის ხელშეკურლებაზე ხელი გაქვს მოწერილი, კაპიტულაცია გაქვს სახელმწიფოს გამოცხადებული და ადგილობრივი მოსახლეობა არ დაემორჩილა ამ მოსახლეობას და არ დათმო ტერიტორიები... არანაირი ამბოხი გააზრებულიც არ მქონია. ეს იყო თქმული იმისთვის, რომ ხალხს გაეგონა და შემეჩერებინა ეს ხალხი ხმაურით. სხვა არაფერი საშუალება არ მქონდა მე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩაბარება უნდოდათ ხეობის. მე ეს ჰაერიდან არ მომიტანია, პრაქტიკიდან ვიცოდი. 1995 წელს წამოვედი კოდორის ხეობიდან. 1995 წელს გამარჯვებული კოდორი ჩავაბარე ხელში ხელისუფლებას, შევერდნაძის დროს იყო კახა თარგამაძე, რომელმაც გადაიბარა ეს ყველაფერი. მე წავედი საქართველოდან, არ მომცეს აქ ცხოვრების საშუალება"- განაცხადა კვიციანმა.

კვიციანისვე განმარტებით, ხეობაში 3500 კაციანი ჯარი იყო განლაგებული, თუმცა მათ ტერიტორიის დატოვება უბრძანეს. მისივე თქმით, კოდორის ხეობის ჩაბარება სააკაშვილთან ერთად მერაბიშვილის, ოქრუაშვილის და ალასანიას გეგმა იყო. 

"ალასანიაც ზუსტად ისე გამოიყენეს მაშინდელმა პრეზიდენტმა, როგორც ოქრუაშვილი. ოქრუაშვილი გამოიყნა მონადირის დასაშლელად, ალასანია გუბერნიის გასაუქმებლად. ჩემი და იმიტომ იჯდა ციხეში, რომ ჩემი და არ გამოუშვებდა იქიდან ჯარს და აომებდა. არცერთი შანსი არ დაგვიტოვეს, რომ ვიღაცას ებრძოლა. დღეს უკრაინაში იბრძვიან საქართველოსთვის, კოდორში რატომ არ იბრძოდნენ საქართველოსთვის?" - აღნიშნა კვიციანმა. 

კვიციანის განმარტებით, მან ალასანიანს შესთავაზა, რომ არ გაეუქმებინათ გუბერნია, თუმცა ალასანიამ უარი განაცხადა. კვიციანის თქმით, ალასანიას გეგმა კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანა იყო, თუმცა კვიციანი პასუხობდა, რომ ხეობაში ჯარის შეყვანა რუსეთს კოდორში საკუთარი ჯარის შეყვანის ლეგიტიმაციას მისცემდა. 

ემზარ კვიციანს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ თექვსმეტი წლით პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც ის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ემზარ კვიციანი დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ემზარ კვიციანი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული იყო, მისი ხელმძღვანელობით გასამხედროებული ორგანიზაცია მონადირე ხეობის ყველა სოფელს აკონტროლებდა.

მის უშუალო კავშირი ჰქონდა აფხაზ სეპარატისტებთან და რუსული არმიის წარმომადგენლებთან. მონადირე ვარდების რევოლუციის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ დაშალა, კვიციანის სპეციალური სტატუსი კი აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ საერთოდ გააუქმა.

2006 წელს მან დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ცენტრალურ ხელისუფლებას და თანამოაზრეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით თანადგომისკენ მოუწოდა. კვიციანი წართმეული პრივილეგიების დაბრუნებას ითხოვდა.

მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად კოდორის ხეობაში სპეცოპერაცია დაიწყო. პოლიციელებმა რამდენიმე საათში მოახერხეს კვიციანის ყველა თანამებრძოლის განიარაღება, თავად აჯანყების მეთაურმა თავი რუსეთის მიერ კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიას შეაფარა. სამართალდამცავი უწყებების მიერ გასაჯაროებული ფაქტები ადასტურებდა, რომ კვიციანი თბილისში ქართველ პოლიტიკოსებთან, ხოლო სოხუმში რუსეთის მარიონეტ სამხედროებთან ათანხმებდა შემდგომ ნაბიჯებს.

მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ემზარ კვიციანი 2006 წლიდან თავს სწორედ რუსეთის ფედერაციას აფარებდა, სადაც მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

კომენტარები