ზეწოლა მერიის თანამშრომლებზე

დავით ნარმანია გეგი ნიჟარაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას არ აპირებს

mrdi.gov.ge

თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას არ აპირებს. მისი თქმით, ვიდეოებზე ასახული ფაქტები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციას წარმოადგენს, რადგან ისინი ფარულ ჩაწერას ახორციელებდნენ.

“ეს იყო მათ მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ვინაიდან ისინი ახორციელებდნენ ფარულ ჩაწერას. ეს მათი ცხოვრების სტილია. ვინაიდან მათ გამოიყენეს ისეთი მიდგომები, რაც არ ჯდება ჩვენი მართვის სტილში და პრინციპებში,“- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ.

თავად გეგი ნიჟარაძე და მისი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს უარყოფს. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გამორიცხავს, რომ ბუსკივაძეს ხელით შეეხნენ და რომ პროცესში სუს-ის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ის ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ პროკურატურის ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.

„ეს ბრალდებები არის სისულელე ბრალდებები. "ნაციონალებმა" თავის მხარეს მოიკითხონ ეგ ბრალდებები. ნუ ავიწყდებათ წარსული ცხოვრება. ბუსკივაძეს უნდა სცოდნოდა, რომ იქ კამერით შემოსვლა არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ის არის აპლიკანტი”, - ამბობს გეგი ნიჟარაძე.

შეგახსენებთ, რომ მონიტორინგის ცენტრმა მედიატორმა და სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრმა მერიის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად ვიდეოჩანაწერები გაავრცელა, რომელზეც მერიის ზედამხვედველობის თანამშრომლის კახაბერ ბუსკივაძის გასაუბრებაზე მომხდარი ინციდენტია ასახული. ბუსკივაძეს მერიაში ტესტირება ჩაბარებული ჰქონდა და ატესტაციის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჰქონდა დარჩენილი. კახაბერ ბუსკივაძე გასაუბრებას იღებდა, რაც შენიშნეს და რის გამოც, არასამთავრობოების ცნობით, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ, სხვა პირებთან ერთად ძალისმიერი მეთოდებით ბუსკივაძეს ჩამოართვეს ტელეფონი, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და 3 საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი საკრებულოს შენობაში მდებარე ერთ-ერთ ოთახში. არასამთავრობოებმა მერიის ყოფილ თანამშრომლებთან და კახაბერ ბუსკივაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. მათივე ცნობით, გასაუბრებას სუს-ის თანამშრომელი ესწრებოდა.

გამოძიების დასრულებამდე გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

კომენტარები