ISFED

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი თერჯოლის გამგეობაში კონკურსზე არ დაუშვეს

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი თერჯოლის გამგეობაში მიმდინარე კონკურსის გასაუბრებებეზე მონიტორინგის განსახორციელებლად არ დაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ავრცელებს.
 
როგორც ISFED-ის განცხადებაში ვკითხულობთ, ორგანიზაციის დამკვირვებელს შენობაში მყოფმა არაუფლებამოსილმა პირებმა, რომლებიც საატესტაციო-საკონკურსო კომისიის წევრებს არ წარმოადგენენ, კერძოდ,  გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ბესარიონ სოფრომაძემ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ელისო ჟორჟოლიანმა და საკრებულოს წევრებმა გია ლილუაშვილმა და ალექსანდრე ზალკანიანმა რამდენჯერმე არაკორექტულად მიმართეს, შენობის დატოვება მოსთხოვეს და დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებდნენ სამართალდამცავებს.  
 

"ვთვლით, რომ თერჯოლის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევებში, სადაც შეგვიზღუდეს დაკვირვების უფლება, არაობიექტურია და მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ორგანიზაციას უკვე მიღებული ჰქონდა თანხმობა თერჯოლაში მიმდინარე ატესტაციებისა და კონკურსების ნებისმიერ ეტაპზე მონიტორინგის განსახორციელებლად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ არაუფლებამოსილ პირებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ ატესტაციისა და კონკურსების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოახდინონ ზეწოლა დამკვირვებლებზე", - ვკითხულობთ ISFED-ის განცხადებაში.

კომენტარები