პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

ბოკერია: მმართველ გუნდს დებატების ეშინია და დემოკრატიულ ტრადიციას აზიანებს

გიგა ბოკერია
ტაბულა

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დებატების გამართვას ემხრობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერია თვლის, რომ ამ ფორმატის გაუქმება მმართველ გუნდს იმიტომ სურს, რომ მათ დებატების ეშინიათ და ამის გამო დემოკრატიულ ტრადიციას აზიანებენ.

“იმედი მაქვს რომ რა ტრადიციაც უკვე შექმნილი იყო პარლამენტში, როცა პრეზიდენტი საუბრობს და შემდეგ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს აქვს საშუალება, რომ ამ საკითხებზე გამოთქვას თავისი პოზიცია, ეს ფორმატი დაბრუნდება. ეს ფორმატი პრაქტიკულად გააუქმეს წინა ჯერზე,  იმიტომ, რომ ეშინოდათ დისკუსიის, რადგან მმართველ გუნდს არც სათქმელი აქვს რამე და სურს, რომ ნაკლები იყოს ამის წარმოჩენის შესაძლებლობა. ამ ყველაფრით ისინი საკუთარ პოლიტიკურ უნიათობას და უსუსურობას ვერ დაიცავენ, მაგრამ დემოკრატიულ ტრადიციას აზიანებენ”, - ამბობს ბოკერია.

დებატების მნშვნელობაზე საუბრობენ თავისუფალი დემოკრატებიც. ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების ფონზე საზოგადოებამ უნდა მოისმინოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები.

“პრეზიდენტი როდესაც თავის მოხსენებას გააკეთებს, მას შემდეგ უნდა მოხდეს პოლიტიკური დებატები, რაც პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყნის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებია ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ, ხალხმა უნდა მოისმინოს ყველა პოლიტიკური ძალის შეხედულებები ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით”, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრები პრეზიდენტის კონკურენტები არ არიან, რომ მასთან დებატებში შევიდნენ.

“ვფიქრობ რომ ჩვენ ვართ ხელისუფლების სხვადასხვა შტო და შესაბამისად არაფგერი არ გვაქვს სადებატო უშუალოდ პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ ის საკუთარ საქმიანობასა და ხედვებზე ისაუბრებს. პარლამენტის წევრები არ ვართ მისი კონკურენტები, რომ დებატებში შევიდეთ. თუმცა, გადაწყვეტილებას ამის შესახებ მიიღებს პარლამენტის ბიურო. როდესაც გვქონდა სხვა კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ პრეზიდენტი, ამავე დროს, გახლდათ მმართველი პარტიის პირველი პირი, რა თქმა უნდა, მასთან დებატებში შესვლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ეს იქნება დღეს”, - ამბობს ელისო ჩაფიძე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტს წინაშე ყოველწლიური ანგარიშით სავარაუდოდ თებერვლის მესამე კვირას წარსდგება. ამის შესახებ ცნობილი 31 იანვარს, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდა.

კომენტარები