ლიზა ბათიაშვილი

The New York Times-ი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილზე სტატიას აქვეყნებს

ლიზა ბათიაშვილი მეუღლესთან, ფრანსუა ლელუსთან და ევროპის კამერულ ორკესტრთან ერთად
Karsten Moran / The New York Times

“ლიზა ბათიაშვილი, 35 წლის ქართველი მევიოლინე, რომელიც ნიუ იორკის ფილარმონიაში მოწვეული შემსრულებელია და ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ამ კვირაში ბარბერის სავიოლინო კონცერტს შეასრულებს, დახვეწილი მუსიკოსია. კონცერტებსა და ჩანაწერებში, რომლებსაც მრავალი ჯილდო აქვთ მოპოვებული, ის ნუსხავს კრიტიკოსებს და აუდიტორიას თავისი ბუნებრივი ელეგანტურობით, აბრეშუმისებრი ჟღერადობითა და ბგერების კეთილხმოვანებით. მის შესრულების მანერაში გამჭოლი პირდაპირობაა, რაც ეხმარება მას გადმოსცეს ემოცია ხელოვნურობისა და მანერულობის გარეშე. საუბარში ბათიაშვილი მსგავს ღირსებებს გამოხატავს. ის ისევე ღიად საუბრობს ხელოვანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, როგორც ბახის მუსიკასთან პირად დამოკიდებულებაზე”, - ვკითხულობთ ვრცელ სტატიაში, რომელსაც New York Times-ი ქართველ მევიოლინე ლიზა ბათიაშვილს უძღვნის.

“კულტურას დიდი ძალა აქვს, რაც მსოფლიოზე მის დადებით ან უარყოფით გავლენაში გამოიხატება”. როგორც სტატიის ავტორი წერს, საკუთარ თავზე ეს ძალა მუსიკოსმა გასულ სექტემბერს გამოსცადა, როდესაც ცნობილმა რუსმა დირიჟორმა ვალერი გერგიევმა ის როტერდამის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად დასაკრავად მიიწვია. გერგიევს ახლო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მან ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც მხარი დაუჭირა მისი ქვეყნის მიერ ყირიმის ანექსიას. მხარში დაუდგა პუტინის პოლიტიკას 2008 წელს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროსაც.

“მე არ მსურდა მუსიკოსების იმ კატეგორიის ნაწილი გავმხდარიყავი, რომლებიც სრულებით არ ეთანხმებიან მის პოზიციას, მის მიერ პუტინის მხარდაჭერას, თუმცა, ამის შესახებ არასდროს არაფერს ამბობენ”, - აღნიშნა მუსიკოსმა New York Times-თან საუბარში.

"სწორედ ამიტომ, დათანხმდა ის კონცერტზე გამოსვლას და პროტესტი სახასიათოდ ელეგანტური ფორმით გამოხატა. მან ბისზე გამოსვლის დროს შეასრულა ქართველი კომპოზიტორის, იგორ ლობოდას მიერ შექმნილი სოლო ვიოლინოსთვის, რომელსაც ჰქვია რექვიემი უკრაინისთვის. მუსიკოსმა ნაწარმოები კონცერტის ბოლოს, სწორედ მაშინ შეასრულა, როდესაც ბატონი გერგიევი იქვე, კულისებში იდგა”, - წერს სტატიის ავტორი.

როტერდამის ფილარმონიის მთავარმა ფლეიტისტმა ჯულიეტ ჰარელმა New York Times-თან სატელეფონო ინტერვიუში ბათიაშვილის შესრულებას ამაღელვებელი უწოდა და აღწერა ღრმა სიჩუმე, რომელიც შესრულების დროს აუდიტორიას დაეუფლა.

“დაკვრის დაწყებამდე, როდესაც აუდიტორიას მიმართა, ძალიან ემოციური იყო. ვიცნობ მას, როგორც მეგობარს, და შევამჩნიე, რომ რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისურთქა. კონცერტის დამთავრების შემდეგ ვუთხარი, რომ ფანტასტიურია, როდესაც გაქვს ასეთი რამის გაკეთების გამბედაობა”, - აღნიშნა ჯულიეტ ჰარელმა.

სტატიის ავტორი წერს, რომ ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი პიანისტი ნინო გვეტაძე, რომელმაც ასევე არაერთხელ თქვა უარი რუსეთში დაკვრის შესაძლებლობაზე, ლიზა ბათიაშვილს მისაბაძ მაგალითად მიიჩნევს.

“ზოგიერთი ადამიანისთვის ძალიან რთულია, უარი თქვას მსგავს შემოთავაზებებზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე გინდა ააშენო შენი კარიერა და გსურს თუ არა, რომ კარიერულ კიბეზე წინსვლის სანაცვლოდ დათმო საკუთარი იდეალები”, - ამბობს ნინო გვეტაძე, სტატიაზე დაყრდნობით.

ლიზა ბათიაშვილისთვის დასავლელი აუდიტორია და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები პუტინის პოლიტიკისადმი ლოიალურად განწყობილი რუსი შემსრულებლების კონცერტზე დასწრებით, ამ პოლიტიკის მიერ გამოღებული შედეგების თანამზრახველები ხდებიან. მისი აზრით, ბატონი გერგიევი იმიტომ არის მუსიკის სამყაროში ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ ის დასავლურ ქვეყნებში განსაკუთრებით დიდ მხარდაჭერას ნახულობდა, დღეს კი მის სახელგანთქმულობას პუტინი იყენებს თავის სასარგებლოდ.

“მაშინ, როდესაც დასავლური ცივილიზაცია ყოველი მხრიდან თავდასხმის ობიექტი ხდება, სწორი არ არის, რომ ხელოვანებმა, რომლებიც მისი თავისუფლებით, დემოკრატიითა და კულტურული ინსტიტუტების სიმდიდრით სარგებლობენ, იმ სისტემის მხარი დაიჭირონ, რომელიც ამ ცივილიზაციის მტერია ”, - ამბობს ლიზა ბათიაშვილი.

ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ ხელში საუკეთესო ინსტრუმენტი ჩაუვარდეთ, მუსიკოსს რჩევა აქვს, თუ როგორ უნდა შექმნან მუსიკა და კარიერა - “უმთავრესი არის არა ის, რომ სტრადივარიუსის ვიოლინო გეჭიროს, არამედ ის, რომ საკუთარი ხმა იპოვნო” - ასე ასრულებს სტატას New York Times-ის კორესპოდენტი.

კომენტარები