სამომხმარებლო ბაზარი

საქსტატმა ინფლაციის გამოთვლის მეთოდოლოგია შეცვალა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში ინფლაციის გამოთვლის მეთოდოლოგია შეცვალა. საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის გამოთვლის დროს გამოყენებული მეთოდოლოგია 2012 წლიდან ყოველწლიურად ახლდება, რაც ევროსტატის რეკომენდაციას წარმოადგენს. 

საქსტატი ყოველთვიურად 295 პროდუქტის ფასებს იკვლევს და მას წინა თვისა და წინა წლის საშუალო ფასებს ადარებს - სწორედ ეს ფასთა შორის სხვაობა წარმოადგენს ინფლაციის ძირითად მაჩვენებელს.

სამომხმარებლო კალათა არის საფუძველი სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშებისთვის. ის წარმოადგენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას. რადგანაც მომხმარებელთა ქცევა წლიდან წლამდე იცვლება და ახლდება, სტატისტიკის ბიუროც ვალდებულია, რომ სტატისტიკაში ასახოს ის პროდუქტები და მომსახურება, რაზეც საზოგადოებაში მოთხოვნა არსებობს. საქსტატი 92 დასახელების სურსათის ფასებს აკვირდება, ყველაზე მეტი, 30%-იანი წონა ინფლაციის გამოთვლის დროს სწორედ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს აქვს.

ინფლაციის მეთოდოლოგიის ობიექტურ შედგენაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინფლაციის რეალური მაჩვენებლის დადგენა. 

საქსტატი საქართველოს ხუთ უმსხვილეს ქალაქში თვის შუა რიცხვებში 1500-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებაში, აფთიაქსა და სხვა ტიპის მომსახურების ობიექტებზე ამოწმებს სიაში შემავალ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას. 

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 295 დასახელების პროდუქტისა და მომსახურების სიის ნახვა საქსტატის ვებგვერდზე არის შესაძლებელი. 

დეკემბერში ინფლაცია 2%-ს შეადგენდა. იანვრის თვის ინფლაციის მონაცემებს საქსტატი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. 

კომენტარები