ე.წ კორტების საქმე

პროკურატურაში პოლიციის ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს კითხავენ

სამართალდამცველთა ლიგის ინფორმაციით, უწყებაში ირაკლი ფირცხალავასთან ერთად პოლიციის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს - კობა ნაკანს, ალექსანდრე ციმაკურიძეს, გიორგი ცაბაძეს და ლევან ბეროძეს კითხავენ. მთავარ პროკურატურაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ, გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა განცხადებას დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს. დაკითხვა, სავარაუდოდ, ვაზაგაშვილების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სამართალდამცველთა ლიგაში ამბობენ, რომ პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმე პოლიტიკურ საქმედ აქცია.

ამის გარდა, ადვოკატ დარეჯან გილაშვილის ინფორმაციით, მას ყოფილი სპეცრაზმელები ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მთავარ პროკურატურაში გადაჰყავდათ და დაცვა სთხოვეს. 

"მითხრეს, რომ მათზე დაკავების ოქმებია გამოწერილი და გადაჰყავთ პროკურატურაში", - განაცხადა დარეჯან გილაშვილმა და აღნიშნა, რომ ყოფილი სპეცრაზმელების დაკავება სავარაუდოდ ირაკლი ფირცხალავას საქმეს უკავშირდება. თუმცა, ადვოკატს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ბრალდებას წარუდგენენ ყოფილ სპეცრაზმელებს. 

ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავა ვარაუდობდა, რომ მას დააკავებდნენ. ის ამბობდა, რომ პოლიტიკური ზეწოლის ფონზე პროკურატურა მასაც და მის მეგობრებსაც დააპატიმრებდა.

კომენტარები