ე.წ კორტების საქმე

თარგამაძე: სპეცრაზმის თანამშრომლების დაკავება პოლიციაზე დარტყმაა

ტაბულა

ეს არის დარტყმა პოლიციაზე, რომელიც აწყობილ სისტემას მოშლის, - ასე გამოეხმაურა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ირაკლი ფირცხალავას სავარაუდო დაკავებას.

თარგამაძის განცხადებით, ფირცხალავასა და სპეცრაზმის თანამშრომლების დაკავება მთავრობის მიზანმიმართული შეტევის ნაწილია.

 „ეს არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ოჯახებს დააზარალებს, არამედ საბოლოოდ დაანგრევს ქვეყანაში პოლიციურ სისტემას. ამ სისტემაზე მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს უკვე თვეების მანძილზე და ეს ამბავი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც დასკვნითი აქტი. ხორციელდება შეტევა სპეცრაზმის თანამშრომლებზე. უმეტესობა მათგანი ჯერ კიდევ გუშინ მოქმედი თანამშრომლები იყვნენ, მათ გუშინ დააწერინეს პატაკები სისტემიდან წასვლაზე და დღეს დააკავეს“, - განაცხადა თარგამაძემ.

თარგამაძის თქმით, ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მთავრობამ საკუთარი უნიათობა გადაფაროს, იმიტომ რომ ვერ ხსნის იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს.

„ეს არის ბირთვი მოქმედი პოლიციის, ეს არის დარტყმა პოლიციაზე, რომელსაც სისტემა უბრალოდ ვეღარ გადაიტანს. ახალი ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ პოლიცია ერთიანი სტრუქტურაა. ის ყველა მსგავს შემოტევაზე ერთნაირად რეაგირებს და აქამდე თუ მოტივაციადაკარგული იყო თითოეული პოლიციელი, დღეს ისინი შეკრულები იქნებიან თავდაცვითი ღონისძიებებისთვის. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ მათ საკუთარი თავის დაცვა ქვეყნის ხელისუფლებისგან უწევთ. ეს სისტემური კატასტროფაა“, - განაცხადა თარგამაძემ.

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს. თუმცა, საგამოძიებო უწყება მის დაკავებას არ ადასტურებს. ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურაში იმყოფებიან შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კობა ნაკანიც.

კომენტარები