ვახტანგ გომელაურის ინტერვიუ

გომელაური: ჩანაწერში სხვა ზურაბ ბერიკაშვილი ჩანს, ენმ-მ ტყუილი გაავრცელა

police.ge/

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გენერალური ინსპექცია იძიებს, როგორ აღმოჩნდა ენმ-ის ხელში ჩანაწერი, სადაც პატრულზე ზეწოლაა ასახული, - ამის შესახებ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი გაზეთ კვირის ქრონიკას ესაუბრა.

"რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი არ უნდა მოხვედრილიყო არც ოპიზიციისა და არც პოზიციის ხელში, ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. პატრულის კამერა მოქალაქესთან საუბარს იღებს პრევენციის მიზნით, რომ პრეტენზიის შემთხვევაში, მოქალაქეს ჩანაწერი აჩვენონ. გენერალური ინსპექცია იძიებს, როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი ნაციონალური მოძრაობის ხელში, უწყებიდან ვინ გაიტანა ჩანაწერი", - განაცხადა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე უარყო ენმ-ის განცხადება, რომ პატრული ჯღარკავა ამ ინციდენტს შეეწირა. მინისტრი პარალელს ავლებს ბორჯომის თემასთან და უარყოფს ენმ-ის განცხადებას, რომ ზურაბ ბერიკაშვილი, რომელიც პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებს და შემდეგ სავარაუდოდ ცეცხლსასროლ იარაღს იღებს, ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეა. მისი თქმით, ეს სხვა ბერიკაშვილია.

"ასეთი რამ არ მომხდარა, პარალელი მინდა გავავლო ბორჯომის თემასთან, ეს ფაქტი მოხდა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინათ და ნაციონალებმა დაასახელეს, თითქოს ფირზე იყო ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი.

ეს იყო ტყუილი, არის მისი მოსახელე და მოგვარე ზურაბ ბერიკაშვილი, რომელიც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, წლებია რაც იქ მუშაობს. ის ბორჯომიდან მოდიოდა, დაურეკეს, რომ ბავშვმა ფეხი მოიტეხა, თვითონ იყო ნასვამი, საჭესთან ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა დასვა, ამ ახალგაზრდას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, გააჩერა პატრულმა და მართვის მოწმობის არქონის გამო უწერდა ჯარიმას. რაც იქ მოხდა, მერე იმაზე პატრულმა სწორი რეაგირება გააკეთა და წაიყვანეს განყოფილებაში. დაუწერეს ჯარიმა და გამოუშვეს.

ახლა ნახეთ, რა ინტერპრეტაცია მისცეს ამას ნაციონალებმა, თითქოს პატრული გაათავისუფლეს იმის გამო სამსახურიდან, რომ ზურაბ ბერიკაშვილის ჯარიმა გამოუწერა. ის დააკავა ორმა თანამშრომელმა, აქედან ერთ-ერთი მალევე დაწინაურდა, ხოლო მეორემ მომხდარი წელიწად-ნახევრის შემდეგ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური. სად არის ლოგიკა, თუ ერთს უშვებენ, მეორეს რატომ აწინაურებენ? და არც იმ ქალბატონის გულისათვის არ გაუნთავისუფლებიათ პატრული სამსახურიდან", - განაცხადა გომელაურმა.

ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა მინისტრს უთხრა, რომ მას პატრულის თანამშრომელმა რამდენჯერმე შესთავაზა "თუ ზევით ვინმე გყავს, დარეკე", რაზეც მინისტრმა უპასუხა:

"რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ შეიძლება, ახლა ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მეუბნებით და მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი. როცა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა შს მინისტრი, სამ თვეში მეც შს სამინისტროში დავინიშნე მოადგილედ. ბატონმა ირაკლიმ თვითოეული ჩვენგანი გააფრთხილა, რომ გავიგო, საპატრულო სამსახურის უფროსს ურეკავთ იმის გამო, რომ თქვენი ახლობელი დააკავეს ნასვამ მდგომარეობაში და სთხოვთ მის გამოშვებას, ჩათვალეთ იმ დღიდან სამსახურში აღარ ხართ და გირჩევნიათ, თქვენი ხელით დაწეროთ განცხადებაო. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ირაკლის, როგორ შეიძლება, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი პატრულს ეუხეშება, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობს. ყველას ვაფრთხილებ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება.

თუ ასეთ საკითხებში ვინმე დარღვევა გამოიკვეთება, ყველა დაისჯება. მე ვაპირებ, შევხვდე საპატრულო სამსახურს და ვუთხრა, თუ დააკავებენ ადამიანს, რომელიც იქნება ნასვამი, ან დაარღვევს საგზაო წესებს და დამრღვევის განთავისუფლებას მოითხოვს რომელიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკი, ვინც არ უნდა იყოს ის, უმკაცრესად დაისჯება. ვაფრთხილებ ყველა მოქალაქეს, თუ მსგავსი რამ მოხდება, დარეკონ გენინსპექციაში. აკრიფონ გენინსპექციის ცხელი ხაზის ნომერი - 126 და მიაწოდონ ინფორმაცია", - განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები