კანონი მოსმენების შესახებ

ომბუდსმენმა ე.წ.მოსმენების კანონზე საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სარჩელის მიხედვით სადავოა კანონის 83-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით.

"გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 30 ნოემბერს მიღებული ე.წ. "მოსმენებთან" დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები. სარჩელის მიხედვით, გასაჩივრებული დებულებები შესაძლებელია სახელმწიფო ორგანომ გამოიყენოს, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დამოუკიდებელი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც განსხვავდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურისგან. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია პროკურორის დადგენილების საფუძველზე, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას და ამგვარი ქმედების კანონიერება 24 საათის განმავლობაში სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს. აღნიშნულისგან განსხვავებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ამგვარი საგამოძიებო მოქმედებისთვის საკმარისია მხოლოდ პროკურორის მოტივირებული დადგენილების არსებობა" - აცხადებს სახალხო დამცველი და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების უფლება, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

"აქვე აღსანიშნავია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მეორე წინადადებებში არსებულ ბუნდოვანებაც იძლევა სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს. კერძოდ, გაუგებარია როგორ უნდა იქნეს გაგებული, მაგალითად, „ინფორმაციის მოპოვების შემდგომი ღონისძიება“, ისევე, როგორც „ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შემდგომი ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭიროებს სასამართლო განჩინებას ან პროკურორის დადგენილებას" - აცხადებს ომბუდსმენი.

კომენტარები