ომი უკრაინაში

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ქრონიკა, 2 თებერვალი

facebook.com/ato.news

ძირითადი ბრძოლები უკრაინის სამთავრობო ძალებსა და რუსულ-ტერორისტულ ფორმირებებს შორის კვლავაც ქალაქ დებალცევოს გარშემო მიმდინარეობდა. ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერის ანდრი ლისენკოს განცხადებით, სეპარატისტები უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ქალაქ უგლეგორსკთან, სოფელ სანჟაროვკასთან და ნუჟნი ლოზოვოისთან უტევდნენ, ყველა შეტევა მოგერიებულია.

ტერორისტებმა დებალცევოს ქალაქის საბჭოს შენობა დაბომბეს, სადაც მინსკის შეთანხმების შესაბამისად, კონტროლისა და კოორდინაციის ერთობლივი ცენტრი იყო განთავსებული.

დღე-ღამის განმავლობაში 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 30-მდე დაშავდა.

ჯგუფ „საინფირმაციო წინააღმდეგობის" ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსულ-ტერორისტული ძალები დებალცევოს პლაცდარმის მიდამოებში აქტიურ მოქმედებებს აგრძელებდნენ. მათ უარი თქვეს უკრაინული ძალების ალყაში („ქვაბში") მოქცევის გეგმაზე და მათი დებალცევოდან გამოდევნის მცდელობებზე გადავიდნენ. ისინი დარტყმას ახორციელებენ ჩერნუიხინოსა და უგლეგორსკის გავლით დებალცევოს მიმართულებით, რათა ქალაქში მყოფი უკრაინული ძალები აიძულონ ჩრდილოეთისკენ დაიხიონ.

ამ მომენტისთვის ამ მიმართულებთ ტერორისტების სულ მცირე 4 ტაქტიკური დაჯგუფება მოქმედებს. დებალცევოს პლაცდარმის მიდამოებში პრორუსული ძალების მხრიდან მონაწილეობს 3,5 ათასი მებრძოლი, 35 ტანკი და 90-მდე ჯავშანმანქანა, ასევე, 3 საარტილერიო ჯგუფი 60 ქვემეხისა და 32 ზალპური ცეცხლის დანადგარის შემადგენლობით.
იერიში დებალცევოზე დასავლეთიდან, ქალაქ გორლოვკას მხრიდან, წარუმატებლად დასრულდა. სეპარატისტთა კოლონიდან 15 ერთეული მძიმე ტექნიკის შემადგენლობიდან სულ მცირე 3 ტანკი და 2 ჯავშანმანქანა უკრაინულ ბლოკსაგუშაგოზე შეტევის დროს განადგურდა. უგლეგორსკიდან დებალცევოს მიმართლებით მიმავალი კოლონა კი არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოჰყვა და 2 ტანკი, 2 ჯავშანმანქანა და 3 სატვირთო ავტომობილი დაკარგა.

უკრაინელმა ჟურნალისტმა და სამხედრო მიმომხილველმა იური ბუტუსოვმა დებალცევოს გარშემო მიმდინარე ბრძოლების ვრცელი ქრონოლოგია და ანალიზი გამოაქვეყნა. იგი აღნიშნავს, რომ დებალცევოს ბრძოლა რუსულ-უკრაინული ომის ყველაზე მასშტაბური და გამძაფრებულ ბრძოლა გახდა. უკრაინელი სამხედროები ტერორისტების და რუსული ძალების შეტევებს 8 დღის განმავლობაში იგერიებდნენ და მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს. სეპარატისტულმა ძალებმა ვერ შეძლეს საკუთარი ამოცანის შესრულება, რომელზეც ღიად საუბრობდნენ და უკრაინული ძალები დებალცევოში ალყაში ვერ მოაქციეს. ქალაქი დებალცევო და მასთან დამაკავშირებელი გზა უკრაინელი სამხედროების ხელში რჩება. ამჟამად, ბუტოსოვის ინფორმაციით, აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ მიმართულებით შეჩერებულია.

ბუტუსოვი აღნიშნავს, რომ 23-24 იანვარს სეპარატისტები, გზის გადაჭრის მიზნით, სოფელ ტროიცკოეში და ქალაქ სვეტლოდარსკში შეიჭრნენ. უკრაინული ჯავშანსატანკო სარეზერვო დაჯგუფების კონტრშეტევის შედეგად სეპარატისტები უკუაქციეს.

სეპარატისტების ყველა შეტევა მასირებული საარტილერიო მომზადების შემდეგ ხორციელდებოდა, მოწინავე, განსაკუთრებით საარტილერიო და სატანკო ნაწილებში, რუსეთის მოქალაქეთა წილი 80-90 პროცენტს შეადგენდა.

მოგვიანებით სეპარატისტებმა ტროიცკოესა და დებალცევოს შორის გზის გასწვრივ სიმაღლეებს შეუტიეს. მათ სოფელი სანჟაროვკა დაიკავეს და ბრძოლა კრასნი პახარისთვის დაიწყეს. 29 იანვარს სეპარატისტების დიდმა ძალებმა ქალაქ უგლეგორსკს შეუტიეს, რაც უკრაინელი სამხედროებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ტერორისტებმა ქალაქის ძირითადი ნაწილი დაიკავეს, თუმცა ბლოკსაგუშაგო ქალაქის გასასვლელში უკრაინული ძალების ხელში დარჩა. ეროვნულმა გვარდიამ და სატანკო ნაწილებმა უგლეგორსკის აღმოსავლეთ გარეუბანში კონტრშეტევა დაიწყეს, რამაც მოწინააღმდეგეს დებალცევოს მიმართულებით შეტევის განხორციელების საშუალება არ მისცა.

მტრის არტილერიის მიერ უკრაინული ფორტიფიკაციების დაზიანების გამო სამხედროებმა სოფელი ნიკიშინო დატოვეს, სადაც ბრძოლები 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და წინასწარ მომზადებულ პოზიციაზე დაიხიეს.

ბუტუსოვის ინფორმაციით, 2 თებერვალს, დებალცევოზე ჩაშლილი შეტევის შემდეგ, სეპარატისტების აქტიურობა მკვეთრად შემცირდა.
ამავე დროს, სეპარატისტების ინფორმაციით, მათ დებალცვოს ალყაში მოქცევის ოპერაცია „პრაქტიკულად დაასრულეს" და ქალაქში მყოფი სამხედროები სურსათსა და საბრძოლო მასალას ვეღარ იღებენ. რასაც უკრაინული სარდლობა უარყოფს.

ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ 10 დღეში საყოველთაო მობილიზაციის დაწყებას აპირებს, რომლის შედეგად სეპარატისტები 100 ათასამდე მებრძოლის მობილიზებას გეგმავენ.

 

კომენტარები