ე.წ კორტების საქმე

ომბუდსმენი 11 ყოფილი პოლიციელის დაკავების საქმეს მონიტორინგს გაუწევს

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე 11 ყოფილი პოლიციელის დაკავების პროცესს მონიტორინგს გაუწევს. მან ამ თემაზე პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ისაუბრა.

„რამდენიმე წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება რომ უნდა მომხდარიყო და რომ უნდა გაირკვეს ყველა დეტალი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ პროცესს გავუწევთ მონიტორინგს და თვალყურს ვადევნებთ, რომ ამ პროცესში გამოირიცხოს ნებისმიერის, მათ შორის ყოფილი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების უფლებების ხელყოფის ფაქტები,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და 11 ყოფილი სამართალდამცველი დააკავა. გამოძიება ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის, ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას უშუალო ხელმძღვანელობით, ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესების მოტივით დაიგეგმა.

დაკავებულები არიან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; ასევე, სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. გარდა ამისა, კიდევ ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, პროკურატურამ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

კომენტარები