ზურაბ ჟვანიას საქმე

ძაძამია: რაულ უსუპოვის გვამი ბინიდან მცირე ხნით გავიტანეთ

electionsmeter.com

ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრის მიხეილ ძაძამიას ინფორმაციით, როდესაც ის და კობა ხარშილაძე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათ ცხედრებზე რაიმე სახის დაზიანება არ შეუნიშნავთ. ამასთან, როგორც ძაძამიამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, რაულ უსუპოვი ბინიდან მცირე ხნით გაიყვანეს, მანქანაში ჩასვეს და შემდეგ უკან დააბრუნეს. მსგავსი ჩვენება 23 თებერვლის პროცესზე ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემაც მისცა. 

"დანამდვილებით მინდა ავღნიშნო და დავადასტურო ის ფაქტი, რომ არცერთ ცხედარს არანაირი გარეგნული დაზიანება არ ჰქონიათ. ჩვენ ბატონი რაული გავიყვანეთ და ჩავსვით ჩვენს მანქანაში, მე მეჭირა ფეხები ხელში და ერთხელ გაგვივარდა კიდეც. მერე უკვე დავაბრუნეთ თავის ადგილას,"- განაცხადა სასამართლო პროცესზე მიხეილ ძაძამიამ. 

ბრალდების მხარე კი მიიჩნევს, რომ მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე ყოველ სხდომაზე სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ. 

"ისინი გამუდმებით ცვლიან ჩვენებას და აქვთ სხვადასხვა აღიარებითი ჩვენება. მე დღევანდელი სხდომიდან ვერაფერი ღირებული ვერ მოვისმინე,"- განაცხადა პროკურორმა რევაზ ნადოიმ.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პატიმარ თეიმურაზ გვარაძის წერილი წაიკითხა. წერილში, რომელიც სასამართლოს მსჯავრდებულმა გაუგზავნა ნათქვამია, რომ ზურაბ ჟვანია თელავში მოკლეს, რის შესახებაც, მზად არის ჩვენების მისაცემად. 

კომენტარები