ე.წ კორტების საქმე

ხაჟალია: პროკურატურა დღეს გავრცელებული ვერსიის დამტკიცებას ვერ მოახერხებს

ტაბულა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის დავით ხაჟალიას განცხადებით, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურა დღეს გავრცელებული ვერსიის დამტკიცებას ვერ მოახერხებს. როგორც ხაჟალიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, "თუ ირაკლი ფირცხალავას ამხელა ძალაუფლება ჰქონდა, მას ალექსანდრე ხუბულოვის ისეთი მეთოდებით ლიკვიდაცია შეეძლო, რომ ამას დღეის ჩათვლით ვერავინ გაიგებდა. ის არ დატოვებდა და არ ჩარევდა საქმეში ამდენ მოწმეს და ადამიანს". 

კითხვაზე, რომ პროკურატურის ვერსიით, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის მიზანი ხუბულოვზე შურისძიების გარდა, ავტორიტეტის დამკვიდრებაც იყო, ადვოკატი პასუხობს, რომ "ირაკლი ფირცხალავას იმიჯის ასამაღლებლად საამისო არაფერი სჭირდა. სულ მაღალ თანამდენობებზე მუშაობდა. თან, სპეცოპერაციის შემდეგ არც დაუწინაურებიათ და მის ცხოვრებაში არსებითად არაფერი შეცვლილა".

დავით ხაჟალია აღნიშნავს, რომ პროკურატურა თავის განცხადებაში საუბრობს თვითმხილველი მოწმეების ლიკვიდიციაზე. მისი თქმით, "წარმოუდგენელია, რომ მანქანაში, რომელშიც სამი მოწმე ზის და ორ მათგანს თვითმხილველი მოწმეების განადგურების მოტივით კლავენ, ფუთურიძე გადარჩენილიყო". ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას გამოთქმულ ვარაუდზე, რომ შესაძლოა ფუთურიძე შემთხვევით გადარჩა, ხაჟალია პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში, საკონტროლო გასროლისთვის სპეცოპერაციის ავტორებს საკმარისი დრო ჰქონდათ.

"თუ პროკურატურის მტკიცებით, საკონტროლო გასროლებით მოკლეს ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი, მესამე პიროვნებაზეც შეეძლოთ ამის გაკეთება. მაგრამ ეს არ მომხდარა და რომ ყოფილიყო აუცილებლობა და სურვილი, ამასაც მოახერხებდნენ" - თქვა ხაჟალიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რომელსაც პასუხის გაცემა სჭირდება.

"ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ მხოლოდ პროკურატურის ვარაუდზე, რასაც სჭირდება დადასტურება. მათი ვერსიას კი, დადასტურებას ვერ ჰპოვებს. ეს ვერსია არის ზღაპარი, ამას ამბობს ირაკლი ფირცხალავაც და მთხოვა გადმომეცა" - აცხადებს ადვოკატი.

დავით ხაჟალიას განმარტებით ,დაცვის მხარე საქმის მასალებს და მტკიცებულებების გადაცემას ელოდება, რის შემდეგაც შესაბამისად იმქომედებს, მათ შორის, მიმართავს რეაგირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს. ადვოკატი იქვე აღნიშნავს, რომ მათი პირველი ამოცანაა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, რისთვისაც მტკიცებულებებს ამზადებენ. 

კომენტარები