ე.წ კორტების საქმე

ჭკადუა: პროკურატურის ვერსიის დიდი ნაწილი ემთხვევა იური ვაზაგაშვილის ვერსიას

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, "პროკურატურის ვერსიის დიდი ნაწილი ემთხვევა იური ვაზაგაშვილის ვერსიას". ამის შესახებ ჭკადუამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა და აღნიშნა, რომ პროკურატურის განცხადებას ე.წ კორტების სპეცოპერაციის გახსნასთან დაკავშირებით ბოლომდე არ გაცნობია, თუმცა, ახალი არაფერი წაუკითხავს და მოუსმენია. მისი განცხადებით, "ამ სპეცოპერაციაზე ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ბევრს საუბრობდა იური ვაზაგაშვილი".

ადვოკატის თქმით, "შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროკურატურის განცხადებაში აღნიშნული ყველა დეტალი აუცილებლად დადასტურება, ამისთვის არსებობს სამართლიანი სასამართლო". 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებულია ყველა ის თანამშრომელი, რომელთა გათავისუფლებასაც იური ვაზაგაშვილი კატეგორიულად ითხოვდა", ადვოკატი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მხოლოდ ის იცის, რომ რამდენიმე თანამშრომელმა თავად დაწერა გათავისუფლების შესახებ განცხადება. მისი თქმით, ვაზაგაშვილის ოჯახი ითხოვდა, რომ სპეცოპერაციაში ეჭვმიტანილ პირებს დროებით შეჩერებოდათ უფლებამოსილება და იმ შემთხვევაში, თუ ბრალი არ დაუმტკიცდებოდათ, თანამდებობაზე აღედგინათ. 

"გადაუმოწმებლად და დაუდასტურებლად არც ერთი ადამიანი არ უნდა გათავისუფლდეს" - აღნიშნავს ადვოკატი.

მისივე თქმით, ოთარ მირზოევის გადადგომამ ირიბად დაადასტურა იური ვაზაგაშვილის განცხადება, რომ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებს შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აფარებდა ხელს.  

"როდესაც ალექსანდრე ჭიკაიძემ განცხადება დაწერა, ცუდად მენიშნა, რომ მას მიყვა ბატონი მირზოევიც. მე ვფიქრობ, ეს არის ირიბი დადასტურება იმის, რასაც ამბობდა იური ვაზაგაშვილი" - თქვა ადვოკატმა ტაბულას ეთერში.

კომენტარები