ე.წ კორტების საქმე

უტიაშვილი: ახალი გამომძიებლები არათუ გახსნას, საქმის წაკითხვას ვერ მოასწრებდნენ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის შეფასებით, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გამოცხადებული ვერსია "სრულიად არადამაჯერებელია". როგორც უტიაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა, მას აეჭვებს დრო, როდესაც გამოცხადდა საქმის გახსნა. ასევე, პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება, რომ არ ენდობოდნენ მათ, ვინც საქმეს იძიებდა და ჩამოაშორეს ისინი. 

"მათ აშკარად თქვეს, რომ ყველა ძველი გამომძიებელი გავუშვით და მოვიყვანეთ ახლები. ამ რამდენიმე დღეში კი, მითიური ახალი გამომძიებლები საქმის გახსნას და ბრალის წაყენებას კი არა, ამხელა საქმის, რომელიც ალბათ, მრავალი ასეული გვერდისგან შედგება, წაკითხვასაც კი ვერ მოასწრებდნენ. ვინ გამოიძია ეს საქმე? ახალმა ხალხმა რამდენად მოასწრო ამ მოკლე ვადაში მთავრობის მიერ დაანონსებული საქმის გახსნა?" - განაცხადა უტიაშვილმა და აღნიშნა, რომ "მთავრობის წევრებმა პროკურატურას მისცეს სამუშაო სცენარი, მისცეს სავარაუდო ეჭვმიტანილთა გვარები და დედლაინი, რა დროშიც უნდა გახსნილიყო საქმე".

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ უფროსს აეჭვებს ისიც, რომ პროკურატურის ვერსიით, სპეცოპერაციის დროს ორი თვითმხილველი მოკლეს, ხოლო მესამე ცოცხალი დატოვეს. ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას მიერ გამოთქმულ ვარაუდზე, რომ შესაძლოა, ფუთურიძე შემთხვევით გადარჩა, შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ "ასეთი შემთხვევითობა არ გამიგონია არასდროს".

მისივე შეფასებით, "ეს ყველაფერი დაუჯერებელი მოტივია იმისთვის, რომ მოვკლა სამი ადამიანი შუა ქუჩაში დღისით, მზისით, იმიტომ, რომ ჩემი ნარკომანი ძმის შესახებ პოლიციას უთხრეს". წამყვანმა შეახსენა, რომ პროკურატურის ვერსიით, ირაკლი ფირცხალავას პირად დაინტერესებას ასევე დაემატა ხელისუფლების ინტერესი ნულოვანი ტოლერანტობის დემონსტრირების შესახებ, რაზეც უტიაშვილმა თქვა, რომ "ეს მსჯელობა ჯანსაღი მსჯელობის ფარგლებიდან გადის". მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არასოდეს არ აწყობს შუა ქალაქში სროლა. 

"რამდენიმე ათეული ადამიანის გამოყვანა მხოლოდ პირადი დაინტერესების გამო, არ გამიგია, რომ მომხდარიყო და ვინმეს მოეფიქრებინოს ან განეხორციელებინოს. თუ მაინცდამაინც შურისძიება უნდოდა, ბევრად უხმაურო მეთოდების მოფიქრება შეეძლო, ვიდრე ქალაქის ცენტრში ამის მოწყობა" - განაცხადა უტიაშვილმა 

კომენტარები