ე.წ. კორტების საქმე

კახა შონია: ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ

newposts.ge

გუშინ დაკავებული პირებიდან თავს დამნაშავედ არავინ ცნობს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, - ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული კახა ნაკანისა და ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა, კახა შონიამ განაცხადა.

შონიას განცხადებით, დაკავებულები აღიარებითი ჩვენების მიცემას არ აპირებენ.

"გამორიცხულია, რომ რომელიმე დაკავებულს გამოძიებასთან ეთანამშრომლა. მათ ჩვენებაც არ მიუციათ. არცერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და, შესაბამისად, არც აღიარებით ჩვენებას მისცემენ", - განაცხადა კახა შონიამ.

გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და 11 ყოფილი სამართალდამცველი დააკავა. გამოძიება ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის, ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ე.წ. კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას უშუალო ხელმძღვანელობით, ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესების მოტივით დაიგეგმა.

დაკავებულები არიან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; ასევე, სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. გარდა ამისა, კიდევ ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, პროკურატურამ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

 

კომენტარები