საბურავები

ვაშაძე: საბურავებით თუ ვაპირებთ ქვეყნის არევას, სადმე ხომ უნდა ვაგროვებდეთ

BPN.GE

"ამდენი ხანი რომ საუბრობთ ამ საბურავებთან დაკავშირებით, რამე ფაქტი ხომ უნდა არსებობდეს, რომ მართლაც საბურავებს ვინმე აგროვებდა და ამით აპირებდა რაღაც შეთქმულებას, არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში", - ასე უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ვაშაძემ ახალი შს მინისტრის ნათქვამს, რომლის მიხედვით, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის დესტაბილიზაციას გეგმავს.

"ეს არის შს მინისტრის ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადება, რომლისგანაც ელოდებიან დანაშაულებების გამოძიებას, კრიმინოგენული სიტუაციის დასტაბილურებას და არა მსგავსი ტიპის პოლიტიკურ განცხადებებს, რომ სადღაც საბურავებს აგროვებენ. ამდენ ხანს რომ საუბრობს უკვე მეორე შს მინისტრი, ერთი ფაქტი მაინც არ უნდა დადოს ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა ვაშაძემ გადაცემა არჩევანის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა შს მინისტრმა სალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებდა და ამ მიზნით დაწყებული ჰქონდა საბურავების მომარაგება.

ჭიკაიძის ნათქვამს გამოეხმაურა ახალი შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც გაზეთ კვირის ქრონიკასთან ინტერვიუში. მისი თქმით, მსგავსი ინფორმაცია დღესაც არსებობს.

"როცა ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს განცხადება გააკეთა, რა თქმა უნდა, იყო ოპერატიული ინფორმაცია, ახლაც არის ინფორმაციები, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება. ნაცმოძრაობა, თავისი განცხადებებით, ხალხს აღიზიანებს. ჯერ იყო, შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადაიტანეს, ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო და ა.შ. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ. სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ", - თქვა გომელაურმა.

კომენტარები