გამოხატვის თავისუფლება

ბესელია: მედიას გარკვეული მორალი უნდა ბოჭავდეს. არ შეიძლება ყველაფერი ითქვას

„არსებობს ზღვარი, რა ზღვარზეც უნდა გადიოდეს გამოხატვის თავისუფლება და არსებობს ზღვარი, სადაც გარკვეული მორალური კატეგორიები უნდა ბოჭავდეს მედიას. არ შეიძლება ყველაფრის დაშვება და იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ვისმენდით. ყველაფერს აქვს თავისი მორალური მიჯნა. არ შეიძლება ყველაფერი გამოხატო ადამიანმა და ყველაფერი ითქვას“, - ასე უსაყვედურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემა არჩევანის წამყვანს ეთერის 2002 წელს დაღუპული 21 წლის გიორგი გაბუნიას მამისათვის დათმობის გამო.

„თქვენ მაგივრად ბოდიში მინდა  მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც შეურაცხყოფილი იყო, როდესაც ვისმენდით უმძიმეს განცხადებებს თქვენ მიერ მოწვეული ერთ-ერთი სტუმრის მიერ“, - თქვა ბესელიამ.

დაღუპულის მამამ, ლევან გაბუნიამ იმავე გადაცემაში საკუთარი შვილისა და ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში ზურაბ ვაზაგაშვილი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ საქმის გამოუძიებლობის მიზეზი ის არის, რომ მას ხელისუფლება რეზონანსულიად არ მიიჩნევს.

"უნდა ამაფეთქონ რომ ჩემი შვილის საქმე გაირკვას საბოლოოდ? ბექა პაპუაშვილი და ჩემი შვილი 21 წლის იყვნენ როცა მოკლეს. ჩვენი შვილები რასაც შეეწირნენ ამ საქმეს ეს მთავრობა რეზონანსულად არ თვლის, რადგან ეს იყო კრიმინალების მიერ მოკლული ადამიანები. 2002 წელს ზურაბ ვაზაგაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად ბექა პაპუაშვილი მოკლა, რისი მოწმეც ჩემი შვილი იყო. ერთი წლის შემდეგ, ჩემი შვილი, როგორც მოწმე, მოიშორა ვაზაგაშვილმა, რომ მას პასუხი არ ეგო. მიმიფურთხებია იმ თბილისელებისთვის ვინც იურა ვაზაგაშვილს და მის შვილს გმირებად შერაცხავს. წინა ხელისუფლების დროს გაფრთხილებული ვიყავი და ვიცოდი, რომ საქმე არ გაიხსნებოდა. იმედი მქონდა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გაიხსნებოდა. მაგრამ, ხომ ხედავთ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ საქმეებზე ბატონმა პრემიერმინისტრმა ბრძანა, რომ ყველა გახმაურებულ საქმეს გამოიძიებენ. ჩემი საქმე, ორი 21 წლის ბიჭის მკვლელობა არ არის გახმაურებული", - თქვა გაბუნიამ გადაცემაში.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში აღნიშნა, მას ლევან გაბუნიას მიერ მოყვანილი ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

კომენტარები