ISIS

ობამა: ISIS-ის დასამარცხებლად კოალიციამ ძალისხმევა უნდა გააორმაგოს

Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ტერორისტები ცოცხლად წვავენ იორდანიელ მძევალს, ისლამური სახელმწიფოს ბარბაროსობის მორიგი გამოვლინება უწოდა.

"თუ ეს ვიდეო ნამდვილია, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ რამდენად ბარბაროსულად მოქმედებს ეს ორგანიზაცია. ვფიქრობ, კოალიციამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა საბოლოო ჯამში ისინი დავამარცხოთ. მომხდარი ასევე იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად გაკოტრებულია მათი იდეოლოგია. იმის ნაცვლად, რომ ისაუბროს, როგორ გახადოს ადამიანების ცხოვრება უკეთესი, ამ ორგანიზაციას მხოლოდ სიკვდილი და ნგრევა აინტერესებს", - განაცხადა ობამამ.  

ამერიკის პრეზიდენტი იორდანის მეფე აბდალა მეორეს შეხვდა და მას სამხედროს დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა. თეთრი სახლის განცხადებით, ტერორისტების დანაშაული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მათი განადგურების ძალისხმევას მხოლოდ გააძლიერებს. პილოტის მკვლელობა გაეროს უშიშროების საბჭომაც დაგმო. 

ცნობისთვის, ისლამურმა სახელმწიფომ გუშინ კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა. ჩანაწერში ტერორისტები ცოცხლად წვავენ იორდანიელ მფრინავს მოაზ ალ კასასბის, რომელიც ტყვედ დეკემბერში ჩაიგდეს მას შემდეგ, რაც მისი თვითმფრინავი სირიაში რაქას მახლობლად ჩამოვარდა.

მოაზ ალ კასასბი მონაწილეობდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციაში, რომელსაც საერთაშორისო სამხედრო კოალიცია, აშშ-ის ხელმძღვანელობით ატარებს. პილოტის მოკვლის საპასუხოდ იორდანიის ხელისუფლებამ ორი ტერორისტი სიკვდილით დასაჯა და კიდევ ოთხი განაჩენის აღსრულებას აპირებს. ქვეყანაში ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ აქციები გაიმართა. 

კომენტარები