ქართული ეკონომიკა

ჯაფარიძე: წლევანდელი წელი იქნება უფრო რთული, ვიდრე იყო 2013 და 2014 წლები

tabula.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის და უმრავლესობის წევრების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომ ლარის გაუფასურება საგარეო ფაქტორების ბრალია. როგორც ჯაფარიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თქვა, ნაციონალურ მოძრაობას გაცილებით რთულ პირობებში მოუწია ხელისუფლებაში ყოფნა როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორების მხრივ. თუმცა, ამის მიუხედავად, დეპუტატის თქმით, მაშინ ეკონომიკა იზრდებოდა დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე იზრდება ბოლო 2 წლის განმავლობაში. მისივე შეფასებით, წლევანდელი წელი წინა ორ წელზე რთული იქნება. 

"ისევ იგივე არგუმენტი მოვისმინეთ, რომ ლარის გაუფასურება საგარეო ფაქტორების ბრალია. მინდა შეგახსენოთ, რომ იმ ცხრა წლის განმავლობაში, რომელსაც თქვენ სისხლიან ცხრა წლად მოიხსენიებთ, დასაწყისში იყო პრობლემები აჭარაში, იყო პრობლემები სამცხე-ჯავახეთში, იყო კატასტროფული კორუფცია, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში. კრიმინალი მართავდა ქვეყანას, ისევე როგორც რუსული სპეცსამსახურები მართავდნენ ქვეყანას. 2006 წლიდან მოყოლებული, მთავარმა ენერგომომწოდებელმა რუსეთმა გამოგვიცხადა სრული ენერგეტიკული ემბარგო, შემდეგ გამოგვიცხადა სრული სავაჭრო და სატრანსპორტო ემბარგო, ამას დაემატა 2008 წელს სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ, ამას ემატებოდა საპროტესტო აქციები ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხელისუფლების დამხობის მოთხოვნით და 2007 წლის მეორე ნახევარში დაიწყო მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი. ეს იყო შიდა და გარე ფაქტორები, რა პირობებშიც წინა ხელისუფლებას უწევდა ოპერირება და მიუხედავად ამისა, ეკონომიკა იზრდებოდა დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე იზრდება ბოლო 2 წლის განმავლობაში. ამას რომ თავი დავანებოთ, დოლარის ინდექსი არსებობს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ იანვარში დოლარი გამყარდა დაახლოებით 2,5%-ით, მაშინ როცა, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა 8%-ზე მეტით. დოლარი კი მყარდება ნამდვილად, მაგრამ ეს არ არის ის, რის გამოც ლარი უფასურდება, სხვა ფაქტორები მუშაობს და ძირითადად, როგორც ყოველთვის, ეროვნული ვალუტის გაუფასურება აჩვენებს იმას, რომ ეკონომიკაში არის სერიოზული პრობლემები. თუ ეკონომიკა ძლიერდება, ვალუტა როგორც წესი მყარდება, თუ ეკონომიკა სუსტდება, ვალუტა უფასურდება. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ორი წელი, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები, ეს უკვე პრაქტიკულად ყველამ დაინახა და თქვენი ზღაპრები, რომ ნაციონალური მოძრაობა უშლის ხელს და კოჰაბიტაცია უშლის ხელს, არავის აღარ სჯერა'' - განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი უნარი, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია შეცვალოს.

''სამწუხაროდ, ეკონომიკის პრობლემები ისე უნდა გაღრმავებულიყო, რომ ასახულიყო მაინცდამაინც ლარზე, რომ ყველას ეგრძნო რა პრობლემებია, მანამდე ხელისუფლებამ ყური არ შეიბერტყა. ზედიზედ ორი წელია, ეკონომიკის ზრდა ჩამორჩება გეგმას. 2013 წელს გეგმა იყო 6%, შესრულდა 3,2 %. შარშან გეგმა იყო 5%, შესრულდა 4,7 %. ზედიზედ ორი წელია ვერ სრულდება ბიუჯეტი, შარშან ვითომ შესრულდა ფურცელზე დეკემბრის ბოლო ორ კვირაში. ზედიზედ ორი წელია მივდივართ ვალების მნიშვნელოვანი ზრდის გზით. 3 მილიარდ ლარზე მეტი ვალი ავიღეთ, ორი წელია ინფრასტრუქტურაში ვყრით ასობით მილიონ ლარს და რაში იხარჯება ეს ფული, კაცმა არ იცის, იმიტომ რომ რეალურად ვერავინ ვერ ხედავს, სად რა კეთდება. ორი წელი აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სახელმწიფო ვეღარ შეძლებს სოციალური ხარჯების დაფინანსების ზრდას. წელს ნომინალური ზრდა არის ჩადებული დაახლოებით 3-4 %-იანი, მაგრამ ეს უკვე შეჭამა ლარის გაუფასურებამ და შეჭამა ინფლაციამაც, რომელიც ეხება სურსათსა და მედიკამენტებს. ეს არის შედეგი იმის, რომ ივანიშვილის თანაშემწე, რომელიც დე-ფაქტო ქვეყნის პრემიერის ფუნქციებს ასრულებს, ერთ წინადადებას ვერ აყალიბებს ზეპირად ეკონომიკაზე და მუდმივად ჭირდება ტექსტების კითხვა. ეს არის თქვენი ეკონომიკური ხედვების სრული კრახი. აღმოჩნდა, რომ უფასო ხვნით ეკონომიკა წინ არ მიდის, აღმოჩნდა,რომ რუსეთზე ეკონომიკის მიბმა არ ყოფილა გამოსავალი, პირიქით ამან სერიოზულად დაგვაზარალა, აღმოჩნდა, რომ არანაირი 10 მილიარდიანი ფონდი სინამდვილეში არ არსებობს და იმ ფონდიდან თუ რამეზე ხარჯავს ივანიშვილი ფულს, მხოლოდ და მხოლოდ ხარჯავს საკუთარი კარ-მიდამოს გაფართოებაზე. ეკონომიკის რეგულირება არ მუშაობს, ეკონომიკის სუბსიდირების სისტემა არ მუშაობს, გადახადების მატება და ასევე არ დაკლება არ მუშაობს, ახალი ბიუროკრატიის შექმნა არ მუშაობს და ეკონომიკას საბჭოების და კომისიების შექმნით, სტრატეგიული გეგმების წერით წინ ვერ წაიყვანთ. ისევე როგორც ნათესავებაზე და ახლობლებზე ბიუჯეტის ფულის გადანაწილება არ მუშობს. რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ დღევანდელი პრობლემები საგარეო ფაქტორების ბრალია, ამას ვერავის დააჯერებთ. 2003-2012 წლებში საგარეო და საშინაო ფაქტორები გაცილებით და გაცილებით პრობლემატური იყო. სამწუხაროდ თქვენ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი უნარი, რომ ეს სიტუაცია შეცვალოს, სამწუხაროდ ყველა ჩვენი და პირადად ჩემი გაკეთებული ყველა გამართლდა და სამწუხაროდ წლევანდელი წელი იქნება უფრო რთული ვიდრე იყო 2013 და 2014 წლები" - თქვა ჯაფარიძემ.

კომენტარები