ქართული ეკონომიკა

ვაშაძე: ქვეყანაში რაც ხდება, მთავრობის უნიათობის და არასწორი ნაბიჯების შედეგია

BPN.GE

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების რიტორიკა ხელს უწყობს ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარების გაგრძელებას. როგორც ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, "ლარის კურსი შეგიძლიათ ბევრ რამეს დააბრალოთ, მაგრამ მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, თქვენი უნიათობის და არასწორი ნაბიჯების შედეგია". დეპუტატის განცხადებითვე, სავიზო რეგულაციების და "ინვესტორებისთვის შექმნილი არასახარბიელო პირობების" გამო, ქვეყანამ ასობით მილიონი დაკარგა.

"საოცარია, როცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან ეკონომიკაზე და ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებზე საუბრისას, ვისმენთ ერთადერთ არგუმენტს - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საზღვარგარეთ დადიან და ქვეყანაზე ცუდს საუბრობენ - ეს ტყუილია, მეგობრებო. 

ქვეყანაში არასახარბიელო საინვესტიციო გარემოებაზე საუბარი, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, როდესაც ის დავოსში მთელ მსოფლიო ბიზნესელიტას უყვებოდა, თუ რა კატასტროფული გარემოა ქვეყანაში, როგორ სიცრუეში ამყოფებდა ხელისუფლება თურმე მოქალაქეებსა და ინვესტორებს, რომ საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა. ერთხელ მაინც შეიძლება დაფიქრდეთ და თქვათ, იქნებ სხვა რამეშია პრობლემა? შეგიძლიათ, რომ სამი ინვესტორი, სამი საინვესტიციო პროექტი მაინც დაგვისახელოთ, რომელიც თქვენი ორწელიწადნახევრიანი მმართველობის პერიოდში საქართველოში შემოვიდა? ფაქტობრივად ყველაფერი, ყველა მიმართულებით თუ სადმე რაიმე მუშაობა მიდის, ეს პროექტები 2012 წლამდეა დაწყებული. როცა დღეს ვსაუბრობთ ეკონომიკაში შექმნილ პრობლემაზე, იქნებ დაფიქრდეთ - იმ სავიზო რეგულაციებმა, რომელიც თქვენ შემოიღეთ, რატომ მოიტანა ასეთი კატასტროფული შედეგი. ვინ უნდა აგოს პასუხი იმ ასობით მილიონზე, რომელიც ქვეყანამ დაკარგა. იმიტომ, რომ ხედავთ, კატასტროფულად შემცირდა საქართველოში შემომსვლელების რაოდენობა. არ ვსაუბრობ მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე. საშუალო ბიზნესში ინვესტიციები შემცირდა, იმიტომ, რომ ნებისმიერ უცხოელს, ვისაც ფულის ჩადება უნდოდა ქვეყანაში, თქვენ შეუქმენით იმდენად არასახარბიელო პირობები, რომ მათ უარი თქვეს საქართველოში არათუ ახალი ინვესტიციების ჩადებაზე, არამედ საქმიანობის გაგრძელებაზე. როცა ვსაუბრობთ პრობლემებზე, იქნებ ერთხელ მაინც დაფიქრდეთ, ხომ არ მოიტანა ნეგატიური შედეგი და ხომ არ არის ეს გამოწვეული იმით, რომ თქვენ უარი თქვით გადასახადების კლებაზე. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ პრობლემებზე, ერთხელ მაინც დაფიქრდით, რატომ არავის სურს დღეს საქართველოში ინვესტიციის ჩადება. ხომ უნდა ვფიქრობდეთ ამაზე. რამდენ ხანს გასტანს ყველაფრის ნაციონალურ მოძრაობაზე დაბრალება? კი ბატონო, დააბრალეთ, მაგრამ ამ დაბრალებას შედეგი ხომ არ აქვს", - განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები